logo_geo
კახა კალაძე: გუდიაშვილის მოედანი რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება
- +

16 ივნისი. 2018. 16:25

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს.

 

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება, რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობებით, რომლის უმეტესობა ისტორიული ძეგლია. სამუშაოების შესრულების დროს, მიწის ქვემოთ სარდაფებია აღმოჩენილი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ქალაქისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თავად ქმნიან ღირსშესანიშნავ ადგილებს ტურისტების დასაინტერესებლად. ჩვენ კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვაქვს და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი ქალაქი კი რეგიონული ცენტრი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

 

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.

 

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების გაწმენდა; მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ; ასევე, სარდაფებისა და საძირკვლების გამაგრების სამუშაოები.

 

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს.

 

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი