logo_geo
გოგა ხაინდრავა: ყველაზე დიდი იმედი არის ახალგაზრდა თაობა, რომელმაც უნდა გაწმინდოს პოლიტიკური წუმპე
- +

19 ივნისი. 2018. 14:09

 

„ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის ის კი არ არის, რომ მთავრობა იცვლება, მთავრობა უნდა იცვლებოდეს, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ოპონენტი“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

რეჟისორმა პრესკონფერენციაზე თბილისში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

 

მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია არანაირ ოპოზიციურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

 

„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამიტომ სახელისუფლებო ცვლა ჩვეულებრივი ამბავია, ამის უამრავი მაგალითი არსებობს იტალიაში, გერმანიაში.

 

ვნებათაღელვა, რომელიც ამ პროცესებს მოჰყვება, არის ქარიშხალი ჭიქაში, როგორც წესი, გამოწვეული იმ უმეცარი პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომელიც ოპოზიციაში აღმოჩნდა. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის ის კი არ არის, რომ მთავრობა იცვლება, მთავრობა უნდა იცვლებოდეს, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ოპონენტი, ეს პრობლემაა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, რადგან ის წუმპე, რომელსაც ოპოზიცია ეწოდება, არანაირ ოპოზიციურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ ამის მოწმე არაერთხელ გავხდით, მაგალითად, ის, რომ აი, 15 პოლიტიკური პარტია აწყობს გამოსვლებს და ისეთი ხმამაღალი მოთხოვნები აქვთ, რომ ლამის ყურის ბარაბანი გაგისკდეს, მაგრამ რეალურად არის აბსოლუტური კრახი.

 

სამწუხაროდ, კერპთაყვანისმცემლობა ისევ არის, ამის შემსწრე ვიყავით ამ დღეებში. ის აბსოლუტურად შემაძრწუნებელი გამოსვლები, რომლის მომსწრენი ვიყავით მიტინგის დროს, მეტყველებს იმაზე, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურა, არამედ ზოგადად სამიტინგო კულტურა არის ისეთი დაბალი, რომ შვილებისთვის თვალებში ყურება გრცხვენია იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ამასთან, გოგა ხაინდრავა იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი იმედი ახალგაზრდა თაობაა.

 

„მგონია, რომ ყველაზე დიდი იმედი არის ახალგაზრდა თაობა, რომელმაც უნდა შეცვალოს და გაწმინდოს პოლიტიკური წუმპე, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს აქტიური პოლიტიკოსები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მონაწილეობენ და რომელთაგანაც ახალი არაფერი ისმის, უფრო ყალბი ხდება ეს მოწოდებები და განცხადებები, ის მოთხოვნები, რომ ლამის დაანგრიონ ეს ქვეყანა. საერთოდ ტერმინი, რომ უნდა ჩამოიშალოს და დაინგრეს, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურა დაბალი ხარისხის არის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი