logo_geo
სამფეხა ძაღლის ისტორია, რომელიც ამერიკელმა მეზღვაურმა გორიდან აშშ-ში წაიყვანა
- +

27 ივნისი. 2018. 14:58

 

გორელი ძაღლი ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურმა შეიფარა და ფლორიდის შტატში წაიყვანა საცხოვრებლად. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აშშ-ის საზღვაო ფლოტის მოსამსახურე ბილი ნორისი გორში ავტოავარიას შეესწრო, რომელშიც ძაღლი დაშავდა.

 

როგორც თავად ბილი იხსენებს, გორიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, მან ვერ დაივიწყა ნანახი და მეორე დღეს თავის ხელმძღვანელს განუცხადა, რომ გორში ძაღლის წამოსაყვანად უნდა დაბრუნებულიყო. დაიქირავა მინივენი და ჩავიდა „ქალაქში, სადაც სტალინი დაიბადა".

 

ბილი ნორისის თქმით, ძაღლის საპოვნელად დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან ცხოველს თათი დაზიანებული ჰქონდა და გადაადგილება უჭირდა. მან წაიყვანა ძაღლი თბილისში, იპოვა ვეტერინარი, გადაუხადა ფული და სთხოვა, რომ მისთვის ემკურნალა. სამწუხაროდ, ვეტერინარმა ძაღლისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლო და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო.

 

მოგვიანებით, ბილი ნორისმა თბილისში იპოვა ადამიანი, რომელიც ძაღლს, დროებით, ფლორიდაში გამგზავრებამდე შეიფარებდა.

 

„როდესაც თავიდან ვიპოვეთ, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. შემდეგ თანდათან დაიწყო ჭამა და ბედნიერ ძაღლად გადაიქცა", - იხსენებს ნორისი და ამბობს, რომ მას „ლაქი“ (ინგლისურად „ბედნიერება“) დაარქვა.

 

როდესაც ბილი ნორისი ფლორიდაში დაბრუნდა, თან ძაღლი არ წაუყვანია, რადგან მგზავრობის პირობები ცხოველისთვის მაშინ საშიში იყო. ნორისმა მოგვიანებით, ფლორიდაში იპოვა ცხოველების კურიერის სერვისი, რომელმაც მომსახურებაში 4500 დოლარი მოითხოვა.

 

ნორისმა GoFundMe.com-ზე ე.წ. ჩელენჯი (გამოწვევა) დაიწყო და მხოლოდ ორ დღეში 1900 დოლარი შეაგროვა. ამის პარალელურად კი მისი ისტორია ტეხასის შტატში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია Puppy Rescue Mission-მა გაიგო და დახმარება გადაწყვიტა.

 

საბოლოოდ შეგროვდა საჭირო თანხა და „ლაქი“ თბილისიდან ჯერ სტამბოლში, იქიდან სან-ფრანცისკოში გაემგზავრა, სან-ფრანცისკოდან კი ფორტ მაიერსში ჩავიდა.

 

დღეს „ლაქისთან“ ერთად ნორისის ოჯახში, მისი მეუღლე, მათი კატა და ორი წლის ძაღლი ცხოვრობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი