logo_geo
„ნამდვილ ზღაპარში მოხვედრა მხოლოდ თბილისში, ბატონი რეზოს თეატრშია შესაძლებელი...“
- +

29 ივნისი. 2018. 03:11

 

 

„დღეს კეთილი „ჯადოქრის" დაბადების დღეა.

 

1936 წლის 29 ივნისს ქუთაისში დაიბადა მაესტრო რეზო გაბრიაძე. მასზე არაერთი სტატუსი მაქვს დაწერილი, ამიტომ დღეს...

 

ჩემებურად „დავალაგებ" და მოკლედ გაგაცნობთ ჟურნალისტ იგორ ობოლენსკის მოგონებას დიდ ქართველ თეატრალურ რეჟისორზე, მხატვარზე, სცენარისტზე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამფუძნებელზე რეზო გაბრიაძეზე და ქართველი მეზღაპრის ჯადოსნურ სამყაროზე:

 

ერთმა უდიდესმა ქართველმა, ჯორჯ ბალანჩინმა თქვა, ქალაქი ადამიანებით იმოსებაო... თუ ბალანჩინის გამონათქვამის სტილს გავყვებით, მაშინ თბილისის ერთ-ერთ უძვირფასეს სამოსელს წარმოადგენს რეზო გაბრიაძე, ხოლო ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს - მისი მარიონეტების თეატრი.

 

ვინ არის რეზო გაბრიაძე? თუ ენციკლოპედიას დავესესხებით, იგი არის სცენარისტი ისეთი ფილმებისა, როგორიცაა „არ დაიდარდო", „მიმინო", „ქინ-ძა-ძა", ასევე არის მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი... მოკლედ თუ ვიტყვით - იგი არის მეზღაპრე და თბილისში და მთელ მსოფლიოში ამ უდიდეს მეზღაპრეს უბრალოდ რეზოს ეძახიან. თბილისში მას შეიძლება მისივე თეატრის კაფეში შეხვდეთ... თუ გაგიმართლათ და ამ ჭაღარა კაცის დაბალი ხმაც ჩაგესმათ, უმალ დაიჭერთ ცნობილ ინტონაციას.. ეს ხომ ის ხმაა, რომელიც გულისშემძვრელად კითხულობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის პასტერნაკისეულ თარგმანს - Цвет небесный, синий цвет, полюбил я с малых лет...

 

ნამდვილ ზღაპარში მოხვედრა მხოლოდ თბილისში და ბატონი რეზოს თეატრში შეიძლება... შუქი ქრება და თქვენ ბავშვობაში „ეშვებით", ზღაპრის ბოლოს კი ლოყაზე ცრემლიც გიცურდებათ... აქეთ-იქეთ იხედებით, ვინმემ არ დამინახოს, რომ ვტირივარო და ამ დროს ამჩნევთ, რომ ნახევარი დარბაზი თქვენსავით ტირის და მოთქვამს ორი ორთქმავლის სიყვარულზე, ან ყვანჩალაზე, რომელმაც ბანკში ფული მოიპარა, რომ შეყვარებულ გოგონას პატივი სცეს...

 

თეატრი რეზო გაბრიაძის ერთ-ერთი უმთავრესი ზღაპარია. შენობას რომ არ აძლევდნენ მოიგონა, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა თქვა, თუ ქალაქში მარიონეტების თეატრი არ არის, ის დედაქალაქად ვერ ჩაითვლებაო... და ფართიც გამოუყვეს...

 

მეორე ზღაპარი არის „ჩიჟიკ-პიჟიკის" ბრინჯაოს ქანდაკი - გაბრიაძის თეატრის შესასვლელთან, რომელიც პიტერის ფანტანკის ჩიტის ასლია. ამბობენ, თუ ჩიტს თავზე ხელს გადაუსმევ, ყველა სურვილი აგისრულდებაო.

 

მესამე ზღაპარი არის თავად რეზო გაბრიაძის თითოეული ქმედება და სიტყვა... მაგალითად, მისი სანუკვარი სურვილია, რომ იყოს გლეხი, მინდორში თოხნიდეს და უცებ, მტვრიან გზაზე მიმავალი ეტლის ფანჯარაში, დაინახოს მოცარტის სახე.

 

რეზო გაბრიაძე ქართული ლეგენდაა და არა მხოლოდ... მის ქმნილებებს არ აქვთ ეროვნება, რადგან ისინი გადმოსცემენ სიყვარულს და განშორებას, დაბადებას და მარადისობაში გამგზავრებას.

 

ცუდია, რომ ჯერ არ არსებობს პრემია „საუკეთესო მეზღაპრისთვის"...

 

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, ერთხელ უდიდეს ქართველ მხატვარს ლადო გუდიაშვილს უთქვამს ბორის პასტერნაკისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატისთვის, შენ პრემიის გარეშეც არაჩვეულებრივი ხარო... ჰოდა, ჩვენი ბატონი რეზოც ყოველგვარი პრემიის გარეშე არის არაჩვეულებრივი.

 

ბატონო რეზო, გილოცავთ დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ - კიდევ მრავალი, მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში...“

 

თეა ფირცხალავა

big_banner
არქივი