logo_geo
C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია: საზოგადოებას მოვუწოდებთ, არ აჰყვეს პროვოკაციებს და უფასო სკრინინგი ჩაიტაროს
- +

5 ივლისი. 2018. 15:19

 

C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ - ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ ეხმიანება მცირე ხნის წინ გავრცელებულ უპასუხისმგებლო განცხადებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

 

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფნი, ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ ამ უპრეცედენტო პროგრამაში და ჩავიტარეთ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.

 

ამ პროგრამამ მოგვცა არამარტო C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება. საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანია, მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა შეაფერხოს მათი პროგრამაში ჩაბმა, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

 

როგორც ჩვენი, ასევე ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ყოფილი პაციენტების სახელით, გვინდა განვაცხადოთ, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაციის დემონსტრირება. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რასაც ჰქვია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია.

 

ასოციაციის სახელით, მოვითხოვთ, ამ დეზინფორმაციის ავტორმა წარმოადგინოს შესაბამისი კვლევები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილეს.

 

რაც მთავარია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვეს მსგავს პროვოკაციებს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადოს მკურნალობაში ჩართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

big_banner
არქივი