logo_geo
ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
- +

11 ივლისი. 2018. 19:03

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტო ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე გაკეთებულ ახალ განცხადებას ეხმიანება. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქაძის თქმით, 2017 წელს ნორმების დარღვევების ასობით ფაქტი დაფიქსირდა.

 

„გასულ წელს, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვლევები ჩაატარა, ემიგრანტი ბავშვების სისხლი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. დაიწყო კვლევა და აღმოჩნდა, რომ ტყვია ფიქსირდებოდა ჩვენგან წაღებულ სუნელებში, საუბარია კუსტარულად დამზადებულ სუნელებზე. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ კვლევა დავიწყეთ, იგივე შედეგები მივიღეთ, გვქონდა ძალიან მაღალი დარღვევები სუნელებში და სანელებლებში. ამან მოიტანა მთავრობის შესაბამისი დადგენილება. გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა ფალსიფიკაციასთან, განსაკუთრებით ყვითელი ყვავილის შემთხვევაში, მას ერეოდა არასასურსათო საღებავი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ყვითელ ყვავილთან. შესაბამისად, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო დროებითი ზომები, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს – ან ადგილზე დაფქვილიყო, ან ის უნდა ყოფილიყო დაფასოებული, რომ იდენტიფიკაცია შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც ჩვენ მიერ იქნებოდა გაკონტროლებული. ჩვენ გამოვითხოვეთ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევები და გაირკვა, რომ მიზეზშედეგობრივი პასუხები ვერ დადგინდა“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

 

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა.

 

2017 წლის 30 ივნისს, კაროლინა როდრიგესმა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის მაქსიმალური შემცველობა 27 000 ppm-ს აღწევდა (27 000 Parts Per Million ნიშნავს 27 000 ერთეული მილიონზე). წელს კი „ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 5 ppm-ს და 48 000 ppm-საც კი აღწევდა“. ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმას" კაროლინა როდრიგესმა 2018 წლის 2 ივლისს მიაწოდა.

 

2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი