logo_geo
მიუსაფარი ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
- +

12 ივლისი. 2018. 13:59

 

 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

 

მისი თქმით, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება, 2015 წლის მონაცემით კი, დედაქალაქში, დაახლოებით, 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია.

 

„თუკი რეგიონებში არ აკეთებენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც კი თბილისში შემცირდება ცხოველთა რაოდენობა, მაშინვე, მყისიერად გამოიწვევს ეს ცხოველთა შემოდინებას როგორც ქართლის, ასევე კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხრიდან. რაოდენობა, ცხადია, იგივე გახდება. ამიტომ აუცილებელია, რეგიონებშიც გაკეთდეს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები. ამ მხრივ, შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებებიც იგეგმება. პარლამენტში უკვე დაწყებულია განხილვა, რომელშიც ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცხოველთა გამრავლების კონტროლი. ადამიანს, რომელსაც ცხოველის გამრავლება უნდა, ამისთვის დასჭირდება სპეციალური ნებართვა და ლიცენზია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მიუსაფარი ცხოველების შემცირებას მოგვცემს",- განაცხადა ლომჯარიამ.

 

რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ბოლო სამი თვის განმავლობაში დღიურად ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა 6-დან 20-მდე გაიზარდა.

 

„იგეგმება ვეტერინარების დამატება, რაც მოგვცემს საშუალებას, მეტი ცხოველი გავასტერილოთ. წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ოპერაცია ტარდებოდა, თუმცა, ჩვენი მოსვლის შემდეგ, აქტიური მუშაობა დავიწყეთ ამ მიმართულებით და ოპერაციების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ახლა, დაახლოებით, 17 ოპერაციას ვატარებთ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 270 ოპერაცია ჩატარდა. თუმცა, 20-22 ოპერაციის ჩატარებას ვგეგმავთ დღიურად. ვამატებთ კიდევ ერთ საოპერაციოს და ორ ვეტერინარს. ასევე, 4 პრაქტიკოსი ვეტერინარის ნაცვლად 7 ვეტერინარი გვეყოლება",- განაცხადა ლომჯარიამ.

 

რაც შეეხება ევთანაზიის შემთხვევებს, ლომჯარიას განცხადებით, აპრილიდან ივლისის ჩათვლით 220 ევთანაზია ჩატარდა. მისივე განმარტებით, პოლიტიკა ამ მიმართულებით რადიკალურადაა შეცვლილი.

 

„თუ აქამდე წელიწადში დაახლოებით 2800-მდე ევთანაზია ტარდებოდა, ეს ციფრი ახლა გაცილებით ნაკლებია. აპრილიდან ივლისის ჩათვლით, 220 ევთანაზია ჩავატარეთ და ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაკეთებთ, თუ ცხოველი საშიშია სხვა ცხოველისთვის ან ადამიანისთვის, ან განუკურნებელი დაავადება აქვს“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

 

ლომჯარიამ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და ცხელ ამინდებში ავტომანქანებს შეფარებული ცხოველები არ დააზიანონ.

 

მისივე თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ავტომანქანამ ცხოველს გადაუარა, ასევე, პატრონმა თავისი შინაური ცხოველი ავტომანქანაში ჩაკეტილი დატოვა, რამაც ცხოველების სიცხისგან გაგუდვა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი