logo_geo
ოტია იოსელიანი: არ მინდა ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო - მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები...
- +

14 ივლისი. 2018. 02:08

 

 

 

 

„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება."

 

„თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?"

 

„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე."

 

„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია."

 

„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს."

 

„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები..."

 

„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა."

 

„სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს..."

 

ეს გამონათქვამები უდიდეს ქართველ მწერალს ოტია იოსელიანს ეკუთვნის, რომელმაც ქართველ ხალხს უზომოდ შეაყვარა თავი. მისი ნაწარმოებები ყველა თაობისთვის ერთნაირად ახლობელი და გასაგებია.

 

„ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს - „მწელის აკადემია უბედური ბავშვობააო" - ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემიაო", - წერდა თავად ოტია იოსელიანი.

 

ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს დაიბადა ქუთაისის რაიონის სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა, შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.

 

ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს და გადაწყვიტა ვინმე პატიოსან, მშრომელ კაცზე გათხოვილიყო. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა. დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული -„დედა გათხოვდა".

 

ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას - ნოველა, რომანს -რომანი... აღიარებას-აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: „ადამიანი იბადება ერთხელ", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და „ურემი გადაბრუნდა".

 

ოტია იოსელიანი ავტორია ათამდე პიესისა, ასევე კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი", „მალე გაზაფხული მოვა", „თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის"ორდენით.

 

მწერალი ოტია იოსელიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2011 წლის 14 ივლისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი