logo_geo
დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა
- +

14 ივლისი. 2018. 19:27

 

საქართველოს ეროვნული გმირი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში იოსებ  ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. იგი 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელის ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი შთამომავალი იყო. ქაქუცა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში და სამშობლოში ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რომელთანაც ორი ქალიშვილი თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.

 

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. ის  ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, საიდანაც კავკასიის ფრონტზე გადმოიყვანეს და, როგორც დაჭრილი, ზურგის ჯარში ასეულის უფროსად დანიშნეს. ოსმალეთის ფრონტზე მან არნახული სიმამაცე გამოიჩინა. მისმა ასეულმა ოსმალებისგან უკან დაიბრუნა სტრატეგიული სიმაღლე „არწივის ბუდე’’. ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოეს.

 

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა.

 

1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ ქაქუცამ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი. 1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი კახეთში გადავიდა და შეადგინა პატრიოტთა მცირე ჯგუფი „შეფიცულთა რაზმი’’, რომელმაც პარტიზანული ბრძოლის დაწყების ორგანიზება მოახდინა მთელ საქართველოში და შექმნა ფარული რაზმები სხვადასხვა კუთხეში. „შეფიცულთა რაზმმა’’ აჯანყებები 1921 წლის ივნისში დაიწყო. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქაქუცა 26 თანამებრძოლთან ერთად საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად გადაასახლეს.

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივნისს  ემიგრაციაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანდერძის მიხედვით, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რადგან ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში ჩამოტანა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 21 ნოემბერს კი მისი ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს. 23 ნოემბერს ქაქუცას ცხედარი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი