logo_geo
„კარიბჭის“ რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
- +

15 ივლისი. 2018. 02:31

 

 

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი მკითხველს მიმართავს:

 

„მინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ინფორმაცია - ჟურნალი „კარიბჭე“ სექტემბრის თვიდან ალბათ დაიხურება და აღარ გამოიცემა.

 

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჟურნალის ტირაჟმა დაიკლო და მეორე წელია, წამგებიანი პროექტი გახდა. ძალიან გვტკივა გული: დღეს, როცა ასეთი საყოველთაო შეტევაა ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ალბათ არ არის ჟურნალის დახურვისთვის შესაფერისი დრო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჟურნალი ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა, ჩვენ გამომცემელთან ერთად ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ამაოდ.

 

ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება და "კარიბჭე" მართლა აღარავის სჭირდება. ჟურნალი ჯერ კიდევ შედის ციხეებში, მიდის მონასტრებში, იგზავნება ეპარქიებში. მისი ფასი გამოცემის დღიდან არ შეგვიცვლია და უკვე 14 წელია, "კარიბჭე" 1 ლარი ღირს. მოდი, დავფიქრდეთ, რა ღირს დღეს კიდევ 1 ლარი? და ეს ფასი ჟურნალს იმის შედეგად შევუნარჩუნეთ, რომ რედაქციის წევრები ფაქტობრივად მოხალისეებად მუშაობდნენ თქვენთვის, გამომცემლობა კი მეორე წელია ინახავს ზარალზე მყოფ ჟურნალს. რომ იცოდეთ, რა ანაზღაურების ფასად იქმნებოდა ჟურნალი ამ წლების განმავლობაში, ალბათ გაოცდებით. მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვშრომობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენთვის და თქვენთვისაც. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს აღარავის სჭირდება. რომ სჭირდებოდეს - გაიყიდებოდაო. ალბათ ასეც არის. და ეს ყველაზე მეტად გვტკენს გულს.

 

აი, ეს ადამიანები არიან "კარიბჭელები", ნეტავ იცოდეთ, როგორი გულწრფელები, ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულები, სიყვარულით ანთებულები. უფლის ნებით და წყალობით, ამ ადამიანების ხელით კეთდებოდა საოცრებები ამ წლების განმავლობაში. მათ შექმნეს ჟურნალის უნიკალური არქივი, რომელიც ჩვენს საიტზე ეტაპობრივად იტვირთება, მათ შექმნეს არაერთი ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ხშირად პროექტად ყალიბდებოდა და წიგნებადაც გამოიცემოდა.

 

რედაქციაში მზადდებოდა ის წიგნები, "კარიბჭის" საოცარი ბიბლიოთეკის სახით რომ შემოვიდა თქვენს ოჯახებში ჟურნალთან ერთად. გადავხედოთ ამ პროექტებს:  "კარიბჭე ბავშვებისათვის", სინოფსისი, პროექტი ყმაწვილთათვის - "ქრისტეს გზა", იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია", "საქართველოს იმედი", "თვენი". ახლა კი გამოდის მეტად საჭირო პროექტი "მეგზური სიკეთის სამყაროში". მაგრამ ალბათ მოგვიწევს ამ პროექტის შეჩერებაც.

 

აი, ამ გულანთებული გუნდის დაშლა დღეს არის ყველაზე ცუდი რამ. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ჩვენი გამოცემის ისტორიაში, რომ ტირაჟის გაზრდის ან ანგარების მიზნით თუნდ ერთი პუბლიკაცია მაინც დაგვებეჭდოს ისეთი, მკითხველის სულს მიზანმიმართულად რომ დააზიანებდა, ეკლესიას რომ ზიანს მიაყენებდა. გვქონდა შეცდომები - უშეცდომო კი არავინაა, მაგრამ თუ რამე გვეშლებოდა, მხოლოდ უნებლიედ და ამ შეცდომებისთვის შენდობას გთხოვთ, ჩვენო მკითხველო.

 

ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დარჩა 1 თვე და ამ თვის გაყიდვების მონაცემები გადაწყვეტს "კარიბჭის" ბედს. ამ წერილით უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რა ხდება ჩვენთან, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია, ჩვენო მკითხველო. თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი.

 

P.S.: ველოდებით თქვენგან გამოხმაურებებს - იქნებ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი