logo_geo
17 ივლისი - კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების დღეა
- +

17 ივლისი. 2018. 03:57

 

 

17 ივლისი კონსტანტინე გამსახურდიას (1893 - 1975) გარდაცვალების დღეა. კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში. მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.

 

კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).

 

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

 

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

 

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

 

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.

 

1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”

 

შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.

 

1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ: “რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაგება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსების ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები თითქმის მცხეთის სანახებამდის ჩამოიტანა. მთლიანად ქართული რაიონი გალისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაულოცა და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწავლიან” (ლიტერატურული საქართველო, 1991, 26, VII).

 

ამის გამო, მამია ორახელაშვილის და ლევან ღოღობერიძის მითითებით, მწერალი დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს (მწერლის პირადი საქმე საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში).

 

ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა “ბუტირსკის” ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”).

 

კინორეჟისორ გუგული მგელაძის (პავლე ინგოროყვას სიძე) მოგონების მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების თაობაზე პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამოდენიმეჯერ ჩასულა. “პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი ისე, რომ შენი საკნის ფანრიდან ვჩანდეო! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ შავ ჩოხაში გამოწყობილ პავლე ინგოროყვას…” პავლემ თურმე ისე მოაბეზრა თავი მაშინდელ ჩეკას უფროსს, რომ ამ უკანასკნელს, მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: “ან დაიჭირეთ ეს ინგოროყვა, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო” (“მე ვარ არისკაცი ჩემი ერისა”, “ქართული მწერლობა”, 1990, #1, გვ. 115).

 

კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლეს – ჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.

 

ლიტერატურაში გაჩაღებული იყო ბრძოლა პროლეტარულ მწერლებსა და სხვადასხვა სამწერლო ჯგუფების ეროვნულად განწყობილ მწერლებს შორის. მწერალი “ლანდებთან ლაციცში” იგონებს: “რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისათვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და პ. ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. მე საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს”.

 

20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…

 

1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.

 

კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმზე მწერალმა განაცხადა: “აქ გამობრძანდნენ ჩვენი აფხაზი ამხანაგები. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდედიდან აფხაზის სისხლი მაქვს. მიყვარს აფხაზები და გმირებიც მყავდა ისინი, მაგრამ აქ გამოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი, პირველი გრიგოლია, ჩემი მეზობელი, მეორე – ჭკადუა, ესეც მეგრელი და რუსულად გველაპარაკა აფხაზეთის სახელით. რაშია საქმე, აფხაზები არიან მაგენი, თუ ვინ არიან?”. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის გამგემ კარლო ორაგველიძემ უყურადღებოდ არ დატოვა მწერლის გამოსვლა: ნაციონალისტობაა, როცა კ. გამსახურდიამ პლენუმზე თქვა: აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა ილაპარაკოსო. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობს – ბაღდათს მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო (ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, 8-1-273-46).

 

შემოქმედება

 

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: “ფოტოგრაფი” და “ნაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამ “დამსხვერული ჩონგური” დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა “ზარები გრიგალში”.

 

“ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.

 

1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი “პრომეთე”, გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი “ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. “რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ “პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.

 

კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.

 

34 წლისამ დაწერა “დიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია “მთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო – ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.

 

სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში” გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.

 

ასე მიაჩნდა: “პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს “ღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – “ჯოჯოხეთი” კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” და სხვა.

 

“კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი “დავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.

 

XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას “ბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო “დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “დავით აღმაშენებელი”.

 

როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ “დიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

 

ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.

 

კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

 

 

გთავაზობთ გამსახურდიას ცნობილ გამონათქვამებს:

 

  • არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას;
  • არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს;
  • არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო;
  • მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა;
  • მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს;
  • არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი;
  • დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი;
  • სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე);
  • ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს.ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი - ნეტავ არ წამეკითხაო;
  • ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან;
  • ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი;
  • თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი;
  • საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი;
  • მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი;
  • ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ;
  • ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში;
  • როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას;
  • ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას;
  • ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები;
  • სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა;
  • უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს;
  • ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად;
  • მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს;
  • ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს;
  • ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა;
  • ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა;
  • ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ;
  • ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს... ცუდი მკითხველი;
  • ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც;
  • უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე- მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას;
  • ჩვენი უბედურება ეგაა - სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს;
  • ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია;
  • სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს;
  • არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში
big_banner
არქივი