logo_geo
„ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს“
- +

7 იანვარი. 2017. 13:40


 

 

 

„მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობთ.


„მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.

 

ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!

 

რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

 

მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, - ქრისტე იშვა!

 

მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!

 

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.




 

big_banner
არქივი