logo_geo
ლევან ჯაფარიძე: მხოლოდ გაზაფხულზე, მაშველებმა 111 მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს
- +

26 ივლისი. 2018. 18:19

 

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, ინტენსიური სწავლების კურსს გადიან. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ფიზიკურ მომზადებას. პრაქტიკული სწავლების ნაწილი საველე პირობებშიც მიმდინარეობს.

 

მიმდინარე წვრთნებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად იღებს მონაწილეობას.

 

სააგენტოს დირექტორის თქმით, სამაშველო ოპერაციების ჩატარებამ, ბოლო პერიოდში, ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სააგენტოს ეკიპაჟების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა.

 

„მიმდინარე წვრთნების ფარგლებში, ჩვენი მაშველები  სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ნორმებს შეისწავლიან და სამთო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სიმაღლიდან თოკზე დაშვებასა და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჩატარების ტექნიკებს აითვისებენ. ამასთან, უახლოეს მომავალში სააგენტო აღნიშნულ ეკიპაჟებს შესაბამისი აღჭურვილობითა და რესურსებით სრულად უზრუნველყოფს“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ - ლევან ჯაფარიძემ სააგენტოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სააგენტოს ახალი მმართველი გუნდი მაქსიმალურად ზრუნავს თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქალაქში ცხოველების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება.

 

ნებისმიერ მოქალაქეს, გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები ცხოველს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. მხოლოდ გაზაფხულზე მაშველებმა 111 მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინეს.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ლევან ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

 

- რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული წვრთნები ეკიპაჟის პრაქტიკული საქმიანობისთვის?

 

- აღნიშნული სასწავლო კურსი თეორიულთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ მომზადებას სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს. მათი გამოყენებით ეკიპაჟს შეეძლება სამაშველო ოპერაციების ჩატარება როგორც ჩვეულებრივ პირობებში, ისე მთაში და წყალზეც.

 

ჩვენ გვყავს საამაყო სამაშველო ეკიპაჟი, რომელიც ურთულეს რელიეფსა თუ სიტუაციებში საკუთარი სიცოცხლის ფასად თავდაუზოგავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.

 

- რა ცვლილებებია მოსალოდნელი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობაში ?

 

- ცვლილებები იქნება აბსოლუტურად პოზიტიური, როგორც აღვნიშნე, სამაშველო ეკიპაჟების გადამზადება შედეგს მოგვცემს მთი ქმედუნარიანობის კუთხით. ჩემი სურვილი და მიზანია ცხოველთა უფლებების წინა პლანზე წამოწევა და საზოგადოების თითოეულ წევრს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ყველამ ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ ცხოველებზე და მათი უფლებების დაცვაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აღმოვფხვრათ ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რომელიც სცდება მორალურ და სამართლებრივ ნორმებს, ეს უნდა ჩავუნერგოთ და ამ ფასეულობებით უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა.სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია სრულიად მოტივირებულია და მჯერა, რომ ახალი გუნდი არსებულ გამოწვევებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაართმევს თავს, რაც საბოლოო ჯამში, ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი