logo_geo
აჭარა რამდენიმე ქვეყანაში ტურიზმის ელჩებს გაგზავნის
- +

31 ივლისი. 2018. 14:31

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე ქვეყანაში ტურიზმის ელჩებს მიავლენს.

 

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, შესაბამის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.

 

„სამიზნე ქვეყნებში  ტურიზმის ელჩები გვეყოლება, რომლებიც მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში დაგვეხმარებიან, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

მისივე შეფასებით, აღნიშნული იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში, ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას გამოიწვევს და აჭარაში მეტ ტურისტს მოიზიდავს.

 

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე წლის ორი კვარტლის მაჩვენებლით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები აჭარაში 23 პროცენტით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი, მგზავრთნაკადის 46 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება. თორნიკე რიჟვაზე ამბობს, რომ 2018 წელი ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება.

 

 

big_banner
არქივი