logo_geo
არხოტში ნადირობა და თევზაობა ხატზე დაფიცებით აკრძალეს
- +

3 აგვისტო. 2018. 01:47

 

პირიქითა ხევსურეთში, არხოტში თემის გადაწყვეტილებით ნადირობა და თევზაობა აკრძალეს. ხუცესმა გოჩა ჯაბუშანურმა ახიელის მთავარანგელოზის სალოცავში ყველა გვარის წარმომადგენელი ხატზე დააფიცა.

 

„უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ამ მიწა-წყლის ავკარგიანობის, დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხი. აქ არიან ჩვენი ძმისშვილები, საჯარო სამსახურში არიან, რეინჯერებად, დაღონებულებმა თავად მოიტანეს ეს ამბავი. თუ ჩვენ, მოსახლეობა არ დავუდექით გვერდში, ვერაფერს გახდებიან ესენი მარტოები. ახლა რასაც ვიტყვით, აქ, ყველა ერთად, ხატი აქაა დაბრძანებული, გააგებინეთ ყველას, სხვა გზა არ დაგვრჩა, თუ არა, გვეცლება ხალხო ეს ბუნება, ეს ნადირ-ფრინველი, თევზი თუ წყლის სხვა ბინადარნი.

 

დღეის ამას იქით, ყველამ იცოდეს, რომ ნადირობას ჩვენ დავუდებთ ზღვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნების ადგილები, სადაც არ გავარდების თოფი ნადირისკენ, არ გავარდების თოფი ფრინველისკენ, შევინახავთ, დავიცავთ და ვუპატრონებთ.

 

ამის იქით მეგობარი, ძმაკაცი, მოკეთე და იმდენი დაქუჩდებიან, რომ თითო ნადირი არ მოვა თითოზე. ყველას პატივისცემა უნდა. ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ არ გამოვა ეს საქმე ასე, თუ ზღვარს არ დავუდებთ.

 

საჯუთოს ზემოთ შუაცხვირის ჩათვლით სასტიკად იქნების აკრძალული ნადირობა. ეს პრაქტიკა გვქონდა ჩვენ ორჯერ, ჯვარში ნათქვამი და გაამართლა. გაამრავლა ნადირი, სასიამოვნო გასახედი და გასავლელ გამოსავლელი იყო, როგორც ჩემს პატარა ბიჭობაში.

 

თუ ეს არ ვქენით ხალხო, შვილებს ვზრდით, შვილიშვილებს, მოგვყვება თაობა და მასაყოლადღა დაგვრჩება ის, რომ აქ ნადირი იყო“, - აღნიშნა ხუცესმა. მისივე თქმით, ყველა ვინც ამ წესს დაარღვევს, ღმერთისგან და ანგელოზისგან დაწყევლილი იქნება.

 

არხოტი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. რეინჯერებმა არხოტში წელს პირველად დაიწყეს მუშაობა. მანამდე არხოტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კონტროლი არ ხორციელდებოდა. არხოტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაჭრა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა და თოვლის მოსვლის გამო მალევე, რამდენიმე დღეში ჩაიკეტა. გზა წელს ივლისის შუა რიცხვებში გაიხსნა.

 

წელს, ზამთარშიც და ადრე გაზაფხულზეც არხოტში ბრაკონიერობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. არხოტის სამ სოფელში, ჭიმღაში, ახიელსა და ამღაში მუდმივად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ასევე, სოფელ ამღაში არის სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, ჭიმღაშიც, ოღონდ მხოლოდ ზაფხულობით.

 

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ჯიხვი მესაზღვრეებმა მოკლეს და ეს მათი მხრიდან ბრაკონიერობის პირველი შემთხვევა არ არის. „მთის ამბები“ ამ თემაზე ვრცელ მასალას ამზადებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი