logo_geo
ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება
- +

6 აგვისტო. 2018. 13:32

 

„ზილის“ ტიპის ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება. საცდელი მანქანების აწყობა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სექტემბრიდან დაიწყება. უკვე შემუშავებულია პროტოტიპი, რომლის საინჟინრო გათვლებს ამჟამად ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ აკეთებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, პროტოტიპის შექმნაში „დელტასა“ და „როზენბაუერის“ წარმომადგენლების გარდა, მეხანძრე-მაშველებიც მონაწილეობდნენ.

 

„შექმნილია ჯგუფი, რომელშიც არიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები, რომელთაც გარკვეული გამოცდილება აქვთ დაგროვილი თუ რა სჭირდებათ, ასევე ჩართულები არიან ავსტრიელი ინჟინრები და „დელტას“ ინჟინრები. სამმხრივი ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა პროტოტიპი, რომლის ინჟინერინგიც ახლა ხდება. „როზენბაური“ აკეთებს ახლა თავის საინჟინრო გათვლებს, ისევე როგორც „დელტა“ აკეთებს საკუთარ გათვლებს, რათა მანქანამ წონას გაუძლოს, ჰქონდეს გამავლობა და ა.შ. ამ ორი ეგზემპლარის გამოცდის შემდეგ, შევუკვეთავთ ალბათ, სერიულ წარმოებას, რათა მომავალი წლიდან დაიწყოს აწყობა. ამ ტექნიკას ჩვენ განვიხილავთ რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ძველი „ზილების“ ჩასანაცვლებლად. „ზილები“ ჩანაცვლდება მთლიანად საქართველოში აწყობილი მანქანებით. ჩვენი ორიენტირი იქნება იქითკენ, რომ პირველადი რეაგირების მანქანები სრულად საქართველოში იყოს აწყობილი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი მანქანები მულტიფუნქციური და სწრაფ რეაგირებაზე იქნება გათვლილი.

 

„ეს მანქანები არის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანები, რომლითაც დაკომპლექტდება მუნიციპალიტეტის სახანძროები, სწრაფი რეაგირებისთვის. ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ სახანძროებში ჰყავთ რამდენიმე სახის მანქანა. პირველი არის სწრაფი რეაგირების მანქანები, შემდეგ მოდის შედარებით მძიმე და ა.შ. ტყის მანქანები გადის მძიმე კატეგორიებში, ეს მანქანები კი იქნება სწრაფი რეაგირების და იქიდან გამომდინარე, რომ „დელტას“ ბაზაზე აეწყობა, შესაძლებლობა ექნება, რომ რთულ რელიეფზეც იაროს და იმუშაოს. ეს მანქანები სრულად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნებზე“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებას აგვისტოს ბოლოს ეცოდინება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი მანქანის ჩანაცვლებაა საჭირო, რათა რაიონების ავტოპარკი განახლდეს.

 

„განვითარების გეგმა იმაზე, თუ რამდენი მანქანა გვჭირდება და სად უნდა იდგეს ეს მანქანები, ცნობილი იქნება აგვისტოს ბოლოს. საჯაროდ ვიტყვით აგვისტოს ბოლოს, თუ რამდენ მანქანას შეიძენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი