logo_geo
მაქსიმალური ქულის მოპოვება ქიმიის გამოცდაში ორმა, ფიზიკის გამოცდაში კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მოახერხა
- +

7 აგვისტო. 2018. 18:16

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაში მაქსიმალური, 75 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო, ხოლო ქიმიაში ორმა. ამასთან ფიზიკისა და ქიმიის საგნებში გამსვლელი იყო 19 ქულა, თუმცა აბიტურიენტების დაახლოებით 25%-მა ფიზიკის გამოცდა ვერ ჩააბარა, ხოლო ქიმიის გამოცდაში აბიტურიენტების 20% ჩაიჭრა.

 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ პირველ არხს განუცხადა, შედეგები წინა წლებისგან რადიკალურად არ განსხვავდება.

 

„წელს ფიზიკის გამოცდას 800 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი აბარებდა, ხოლო ქიმიის გამოცდას 1800-ზე მეტი. ესეც და ქულების შედეგებიც მეტ-ნაკლებად ანალოგიურია წინა წლების გამოცდების შედეგებთან. ოდნავი სხვაობები ცხადია არის, მაგრამ არსებითი ან თვისობრივი -არა. ახლა მხოლოდ ლიტერატურის გამოცდის შედეგების გამოცხადება დარჩა, რაც ხვალ-ზეგ მოხდება.  შემდეგ კი, მეორე დღიდან დაიწყება აპელაციის პროცესი. ანუ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება გააკეთონ სააპელაციო განაცხადი. შემდეგ კი საბოლოო შედეგები გამოცხადდება“, - განაცხადა მან.

 

ამასთან, ივა მდინარაძის განცხადებით, სააპელაციო პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აბიტურიენტების მხრიდან შეტანილი განაცხადების რაოდენობაზე. სწორედ სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, საგნებში, რომელშიც გამოცდის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, გაირკვევა რთული ვარიანტები და აბიტურიენტებს დაეწერებათ საბოლოო სკალირებული ქულები. შემდეგ იქნება უნივერსიტეტებში ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შედეგები.

 

რაც შეეხება გრანტის მოპოვებას, ის გამოცდებში მიღებული ქულებითა და სპეციალური ფორმულით გამოითვლება.

 

„გრანტის გამოსათვლელი ფორმულა, ჩვენს ვებ-გვერდზეც დევს. თუ გავიხსენებთ წინა წლების შედეგებს, დაახლოებით 7-8 ათას ადამიანს ეხება ხოლმე სხვადასხვა სახის გრანტი, მათ შორის არიან უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტებიც. მაგალითად, შარშან ჩარიცხული 28 000 სტუდენტიდან დაახლოებით 8 ათასმა სტუდენტმა მიიღო სხვადასხვა სახის გრანტი. წელს 38 000 აბარებს, თუმცა ამ მომენტში მიახლოებითაც ვერ ვიტყვით, რამდენი სტუდენტი მოახერხებს გრანტის აღებას“, -აცხადებს ივა მინდაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი