logo_geo
ლონდონში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
- +

9 აგვისტო. 2018. 10:40

 

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის ათ წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.

 

საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში გაერთიანებული სამეფოს მთავარი ტაძრის უესტმინსტერის სააბატოს „უდანაშაულო მსხვერპლთა მემორიალი“ გვირგვინით შეამკო. ღონისძიება ერთობლივად ქართულ-ბრიტანული მხარეების ორგანიზებით, საქართველოს საელჩოს მიერ უესტმინსტერის სააბატოსთან თანამშრომლობით მოეწყო.

 

თამარ ბერუჩაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიებაში საელჩოსა და უესტმინსტერის სააბატოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს თავდაცვის ატაშემ, NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობაში საქართველოს შსს-ს სამეკავშირო ოფიცერმა, ლონდონში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა, NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო  და თანამეგობრობის ოფისის წარმომადგენლებმა.

 

აღსანიშნავია, რომ უესტმინსტერის სააბატოში ომისა და ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ომისა და ძალადობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

 

ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონში საქართველოს საელჩოში ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ბუღაძის გამოფენა “Victima” გაიმართა.  გამოფენის გახსნაზე საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეების, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი