logo_geo
თუშეთში მდებარე ნასოფლარ წაროს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
- +

10 აგვისტო. 2018. 18:24

 

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ წაროს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

 

ნასოფლარი მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირას. გაშენებულია ციცაბო მთის კალთაზე. ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული. მათი უმეტესობა ნაგრევების სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგებით, მეტ-ნაკლებად სახეზეა. მათ შორისაა ორი კოშკი. ერთი მათგანი ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილშია, მეორე სამხრეთ განაპირას. ნასოფლარის განაპირას, მდ. გომეწრის ალაზნის მარცხენა ნაპირზე სამაროვანია, რომელზეც 1912 წელს არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ვ. მოლჩანოვმა.

 

სოფელში შენობები _ სახლები, ჯგუფადაა განლაგებული. ისინი პირით ფერდობისკენ არის მიმართული, შესაბამისად, დანარჩენი გვერდებიც შენობებს ერთ მხარეს აქვთ. არის ცალკეული შემთხვევებიც, როდესაც შენობები ერთმანეთზეა მიდგმული.

 

კოშკი. მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ განაპირას, ფერდობზე განეკუთვნება გვიანდელს შუა საუკუნეებს.

 

კოშკი ხუთსართულიანია (5,4X5,2 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, მონგრეულია V სართულის კედლების დიდი ნაწილი.

 

შესასვლელი I სართულზე აღმოსავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. დასავლეთის კედლის სამხრეთ ნაწილში ვიწრო სწორკუთხა სათოფურია. სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სარდაფია. II სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა კარია, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში - სათოფური. III სართულის დასავლეთ კედელში განიერი სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი თითო სარკმელია IV სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. V სართულს ოთხივე მხარეს თითო სალოდე ჰქონია (შემორჩენილია კვალი).

 

კოშკი. დგას ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერდობზე განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. იგი გეგმით ოთხკუთხაა (7X6 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვა, დანგრეულია IV სართულის კედლების დიდი ნაწილი. I სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომლებიც II სართულის იატაკამდეა აყვანილი. II სართულის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია თაღოვანი კარი, რომელიც ამ მხრიდან მოგვიანებით მიშენებულ სათავსში გადიოდა,. სართულის სამხრეთ კედელში ორი მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. III სართული არქიტექტურული გადაწყვეტით II-ის ანალოგიურია. IV სართულის დასავლეთ კედლის შუაში თაღოვანი კარია, რომელსაც წინიდან, ფასადს ჩრდილოეთ კიდეზე მიდგმული, ოთხკუთხა ბურჯი ადგება. სამხრეთ კედელში სამი თაღოვანი სარკმელია.

 

1912 წელს, წოვათაში, ნასოფლარ წაროს სამაროვნის აკლდამებს იკვლევდა ნ. მოლჩანოვი. შესწავლილ იქნა ხუთი მიწისზედა აკლდამა. აკლდამები გაძარცვული ყოფილა. მათში აღმოჩენილი ნივთების (ბრინჯაოს ორნამენტირებული სარკეები, საყურეები, ორნამენტირებული სამაჯურები, ბეჭდები, აბზინდები, ვერცხლის საყურეები, რკინის სამაჯურები, მინის და სარდიონის მძივები და სხვ. _ მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში) მიხედვით ფიქრობენ, რომ VIII-IX საუკუნეებში წარო დასახლებული ყოფილა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი