logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებულმა 33-მა აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლია
- +

20 აგვისტო. 2018. 16:36

 

 

ზესტაფონის მოსამზადებელ ცენტრში სოციალურად დაუცველმა 33-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლია. მათ საგამოცდო საგნების მოსამზადებელი სრული კურსი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მთლიანად დაუფინანსა. როგორც ცენტრის დირექტორმა ქეთევან ქათამაძემ აღნიშნა, კომპანიის ფინანსური დახმარებით, ამ ოჯახებს საკმაოდ დიდი პრობლემა მოეხსნათ.

 

 

„ზესტაფონში, სოციალურად დაუცველი ოჯახების 33 აბიტურიენტ ბავშვს ელიტარულ სკოლის მოსამზადებელ ცენტრში სრული 10-თვიანი სააბიტურიენტო პროგრამა,  „ჯორჯიან მანგანეზმა“ მთლიანად დაუფინანსა. ეს იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წინამოსამზადებელი პერიოდი. ყველა ბავშვმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი მათგანი გარკვეულ გრანტსაც მიიღებს. ახლა ფაკულტეტების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ 7 წელია ვარსებობთ და ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ არიან ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ სწავლის ფულის გადახდის საშუალება. წელს კი მივმართეთ „ჯორჯიან მანგანეზს“, რომ დახმარებოდა ასეთ ოჯახებს, რაზეც დაგვთანხმდნენ“, - განაცხადა მოსამზადებელი ცენტრის დირექტორმა.

 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსებისა და სოციალურ საკითხებში თამარ ჭიპაშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

 

„სასწავლო ცენტრიდან იყო შემოთავაზება, რომ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის დაგვეფინანსებინა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი მისცემდა საშუალებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, სრულიად უფასოდ მოემზადებინათ ბავშვები და შეგვექმნა მათთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ეს პირველი წელი იყო საპილოტე, თუმცა მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ პროექტი შედგა. ყველა მათგანს, 33-ვე ბავშვს, მიეცა საშუალება, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს. მომავალში კი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მსგავსი პროექტები და ვფიქრობთ, გავაფართოვოთ ფარგლები“, - განაცხადა თამარ ჭიპაშვილმა.

 

როგორც ერთ-ერთმა აბიტურიენტმა თამარ ტალახაძემ აღნიშნა, მისი ოჯახისთვის შესაძლოა საგამოცდო საგნების მოსამზადებელი თანხის გადახდა პრობლემა ყოფილიყო, თუმცა ეს საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის“ წყალობით მოგვარდა.

 

 

„სწავლის დასაფინანსებლად შეიძლება დიდი პრობლემა შეგვქმნოდა მე და ჩემს ოჯახს. ეს პრობლემა კი „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოგვიხსნა. ამ გაწეული დახმარებისთვის კი დიდ მადლობას ვუხდით მათ“, - განაცხადა თამარ ტალახაძემ.

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, განათლებული და წარმატებული თაობა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ინდუსტრიულ საქმიანობას ეწევა, განათლების საკითხიც პრიორიტეტულია მათთვის.

 

„პირველ რიგში, ვულოცავ იმ აბიტურიენტებს, ვინც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. განათლებული და წარმატებული ბავშვები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. ასევე, მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში „ჯორჯიან მანგანეზმაც“ მიიღო მონაწილეობა, რადგან განათლების საკითხი არანაკლებ პრიორიტეტულია ჩვენთვის“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი