logo_geo
წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
- +

21 აგვისტო. 2018. 15:27

 

წითელას ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც ambebi.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

 

„წითელა სახუმარო დაავადება არ არის. წელს საქართველოში ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან შემოდგომაზე აჭარის რეგიონიდან დაიწყო წითელას პიკი და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი. შეიძლება ითქვას, რომ წითელა ისევ "მობრუნდა" ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში და იტალიაში შარშან ინფექციის ძალიან ბევრი შემთხევა იყო, რის გამოც ამ ქვეყნებში წითელას სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს. საქართველოში წითელას ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამან მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რაც დღეს გვაქვს. მთელ რიგ ქვეყნებში წითელა აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ვერევით. საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 5-დან 10-მდე მერყეობს წითელას შემთხვევების რიცხვი. განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარება გვაქვს დიდ ქალაქებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ყველას, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის საკმაო მარაგია.

 

„საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და გეგმიურად 1 წლისა და 5 წლის ასაკში კეთდება. თუ ორივე აცრა ჩატარებულია 98%-ით დაზღვეულია ადამიანი, რომ არ დაინფიცირდება. იწყება სასწავლო წელი, ყველა დედას მოვუწოდებ გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. განსაკუთრებით ის გოგონები, უნდა იყვნენ ყურადღებით, რომლებიც შვილოსნობის ასაკში არიან. მათ წინასწარ უნდა გამოიკვლიონ აქვთ თუ არა წითელას იმუნიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, აიცრან. რადგან წითელა როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვის სახიფათო ინფექციაა“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი