logo_geo
დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება
- +

4 სექტემბერი. 2018. 11:45

 

 

 

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. კერძოდ, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს და პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

 

გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. კერძოდ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

 

„პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც და ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა.

 

ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

„ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა“,- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

სამინისტროს მონაცემების თანახმად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

big_banner
არქივი