logo_geo
როდის ამოქმედდება სათამაშოების უსაფრთხოებაზე კანონი?
- +

4 სექტემბერი. 2018. 16:36

 

სათამაშოების ბაზარი ისევ უკონტროლოა. თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს.

 

როდის ამოქმედდება დადგენილება და რა მექანიზმით მოხდება სათამაშოების შემოწმება, ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს რატი ობოლაძეს ესაუბრა.

 

როგორც ობოლაძე აღნიშნავს, უწყებას საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და 2019 წლის ბოლოს დასრულება. თუმცა, ამოქმედდება თუ არა დადგენილება იმავე წელს, არ იცის, რადგან ეს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

ამასთან, უკვე გაწერილია იმ ჯარიმების ოდენობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოების რეალიზატორებს დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნაწარმს არ გაანადგურებენ, ან ბაზრიდან არ ამოიღებენ.

 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში აცხადებდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

 

ამასთან, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერებაა.

 

კონკრეტულად, თუ რას ითვალისწინებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა ასეთია:

 

„წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ კომპეტენტური პირები ან შექმნან კომპეტენტური ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად ნორმებთან შესაბამისობას. მათ უნდა მიენიჭოთ სათანადო ძალაუფლება, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, რომლებიც ამ დირექტივით არის განსაზღვრული.

 

ნებისმიერი სახიფათო პროდუქტის შემთხვევაში: უნდა აიკრძალოს მისი რეკლამა და დაადგინონ წესები აკრძალვის უზრუნველსაყოფად.

 

ნებისმიერი საშიში პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც უკვე ბაზარზეა, შესაბამისმა ორგანომ უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ გატანა და აცნობოს მომხმარებელს არსებული რისკის შესახებ. მწარმოებელსა და დისტრიბუტორთან ერთად გაუწიოს კოორდინაცია ან, თუ საჭიროა, მოახდინოს მყიდველისგან საშიში პროდუქტის უკან გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში განადგურების ორგანიზება“, - ამის შესახებ ნათქვამია პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად დირექტივაში.

 

დირექტივის თანახმად, სათამაშოების ხარისხი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი. სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ის არ უნდა იწვევდეს გაგუდვას, ასფიქსიას და არ უნდა იყოს აალებადი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, დირექტივა 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ კანონპროექტი მზად 2019 წელს იქნება, მაგრამ მთავრობა იმავე წელს აამოქმედებს, თუ მომდევნო წელს, მისთვის უცნობია.

 

„ვინაიდან ყველაფერი კანონით არ მიიღება, ეს იქნება მთავრობის დადგენილება. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ერთ-ერთი დანართით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, საქართველოს 2019 წელს უნდა დაუახლოვდეს სათამაშოების დირექტივას. ამ ვალდებულებას შევასრულებთ თავის დროში. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება. ევროკავშირის წევრები ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციის დანერგვისთვის საკმაოდ დიდი ხანი ემზადებოდნენ. ზოგიერთ მათგანს 10 წელიც კი დასჭირდა. საქართველოს ამისთვის არ აქვს ინსტიტუციური გამოცდილება და სჭირდება მრავალი ტრენინგი. ზერელე რეგულირების დაწყების შემთხვევაში მივიღებთ უკუეფექტს და ამით საერთო მაჩვენებლები არ გაუმჯობესდება“, - აცხადებს რატი ობოლაძე.

 

მისი თქმით, ამისთვის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ექსპექტებისთვის 2018 წლის ოქტომბერში დაწყება ტრენინგები, რომელსაც ბრიტანულ-ლიტვური კომპანია ჩაატარებს.

 

„ტრენინგები გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში და მოიცავს ზედამხედველობის სიმულაციებს, ასევე, საპილოტე პროექტს. როდესაც ამ ტრენინგით გათვალისწინებული მასალები, საპილოტე პროექტები და სიმულაციები შეჯერდება, საკანონმდებლო დაახლოვებაც მოხდება. შედგება მთავრობის დადგენილების პროექტი, თუმცა 2019 წლის დასრულებისთვის ან მომდევნო წლისთვის დაინერგება“, - აცხადებს რატი ობოლაძე.

 

რა მექანიზმით მოხდება სათამაშო ბაზრის გაკონტროლება, ტექნიკური ზედამხედველბის სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ძირითად მექანიზმში იგულისხმება პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი.

 

„ინსტიტუციური მექანიზმი ეს არის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. რაც შეეხება ინსტრუმენტალურ მექანიზმებს, ეს არის როგორც უშუალოდ პროდუქციის, ისე მისი დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების ტესტირება, გამოცდა, რათა დადგინდეს, თუ რა საფრთხეებსა და რისკებს შეიცავს ესა თუ ის პროდუქცია. თუ ქიმიური ან ფიზიკური თვისებების სიღრმისეული ანალიზი დაგვჭირდა, შესაძლოა გამოვიყენოთ ლაბორატორიები და თუკი დადასტურდა, რომ პროდუქცია შეიცავს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს, მოხდება მისი რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, ან რეალიზებული პროდუქციის გამოთხოვა ბაზრიდან. ხოლო, თუ რომელიმე გადაწყვეტილება არ შესრულდა, ეს უკვე იწვევს, დაჯარიმებას, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს“, - აცხადებს რატი ობოლაძე.

 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, ობოლაძის ინფორმაციით, დარღვევის შესაბამისად 1500-დან 7000 ლარამდე განისაზღვრება. კერძოდ:

 

თუ პროდუქცია გადამუშავების შემთხვევაშიც კი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო მისი განაგურების გადაწყვეტილებას იღებს. ხოლო ამის შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმას 7000 ლარის ოდენობით;

 

პროდუქციის გამოთხოვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არშესრულება გულისხმობს 5000 ლარამდე ჯარიმას;

 

პროდუქციის ბაზრიდან ამოღების გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმას 300 ლარამდე;

 

პროდუქციის რეალიზაციის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილების არ შესრულება გულისხმობს 1500 ლარამდე ჯარიმას.

 

როგორც რატი ობოლაძე აცხადებს, სათამაშოების მონიტორინგს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი