logo_geo
მაკა რაზმაძე „იმედზე“ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს
- +

6 სექტემბერი. 2018. 14:45

 

ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე „იმედზე“ პოლიტიკურ შოუს წაიყვანს. როგორც „2020NEWS“-ს ტელეკომპანიაში განუცხადეს, მაკა რაზმაძის გარდა, არხს რამდენიმე ახალი სახე შეემატება.

 

მაკა რაზმაძის პოლიტიკური თოქ-შოუს პრომოები უკვე იწერება. თუმცა თავად მაკა „იმედზე“ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მედიასთან არ საუბრობს. ტელეკომპანია „იბერიამ“ მაკა რაზმაძე სამსახურიდან ერთი წლის წინ დაითხოვა და ამის შესახებ წამყვანს SMS-ით აცნობა.

 

„დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ, აქ აღარ მუშაობო… ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი SMS და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე…“, - წერდა მაშინ არხიდან გათავისუფლებული მაკა რაზმაძე.

 

„2020NEWS“-ს ინფორმაციით, „იმედზე“ ვიხილავთ ტელეკომპანია „იბერიას“ კიდევ ერთ ყოფილ სახეს, „ფაბრიკის“ წამყვან გიორგი გასვიანსაც, რომელიც „სიმართლის დროს“ წაიყვანს. რამდენიმე წლის წინ „სიმართლის დრო“ ნანკა კალატოზიშვილს მიჰყავდა. როგორც ჩანს, გადაცემა ძალიან რეიტინგული იყო, რადგან არხმა შოუს გაგრძელება გადაწყვიტა.

 

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ახალი სატელევიზიო სეზონიდან გავა თუ არა „იმედზე“ „ბახუტას შოუ“.

 

„შეიძლება, იმავე გადაცემით გავიდე ეთერში, შეიძლება სხვა გადაცემით დავბრუნდე. შვებულებაში ვარ და არ ვიცი, არხზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განუცხადა „2020NEWS“-ს გიორგი ბახუტაშვილმა.

 

ძველი შემადგენლობით ბრუნდება ეთერში „პრაიმ შოუ“. ახალ სეზონზე პირველი გადაცემა 12 სექტემბერს გავა. ზაფხულის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ ირაკლი მაქაცარიას შოუდან წასვლის შესახებ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ირაკლი უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. თუმცა მოგვიანებით მან განმარტა, რომ შეუძლებელი არაფერია და ორივე შოუში მიიღებს მონაწილეობას.

 

არხზე ჩვეულ დროს ვიხილავთ „სხვა რაკურსს“. გია ჯაჯანიძე სეზონს 13 სექტემბერს დაიწყებს. წამყვანი გვპირდება, რომ გასულ სეზონზე ბევრად საინტერესო თემებს შემოგვთავაზებს.

 

 

 

წყარო: 2020news.ge

 

big_banner
არქივი