logo_geo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სუს-ი წამყვანი უწყებაა ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით!
- +

20 სექტემბერი. 2018. 00:21

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე.

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 21-22 ნოემბერს, თბილისის საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციაზე ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავების მიზნით, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სპეციალური დანიშნულების ძალებს. „ტერორისტთა ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, ორი მოკლულია, ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილმა მოახდინა თვითლიკვიდაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის მიერ მოხდა გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის, საერთაშორისო ტერორისტის ახმეტ ჩატაევის იდენტიფიცირება. ერთი ქართველი ოფიცერი იქნა მოკლული, ხოლო ოთხი დაიჭრა. 26 დეკემბერს, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, დილით, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა განახორციელა კონტრტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში. ჩატაევთან შესაძლო კავშირის გამო, ხელისუფლების მიერ დაკავებულია 4 პირი. ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, გამოძიება ორივე ოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

 

„ივლისში, საქართველომ დაიწყო გამოძიება და შემდგომი სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ იბრძოდა ISIS- ში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

ანგარიშში საუბარია კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებაზეც და ხაზგასმულია, რომ მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

big_banner
არქივი