logo_geo
ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება იგეგმება
- +

21 სექტემბერი. 2018. 17:03

 

 

„ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება იგეგმება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შენობაში განთავსდება 112, შსს-ს მომსახურების სააგენტო და ასევე საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი.

 

„როგორც იცით, ეს ცენტრი დღეს არსებობს მხოლოდ თბილისში და ერთი ფანჯრის პრინციპით მოსახლეობას აწვდის ყველა საპოლიციო სერვისს, დაახლოებით 50 სერვისს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი თბილისის შემდეგ იქნება სწორედ ქუთაისში და განლაგდება ახლანდელი პარლამენტის შენობაში.

 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აქ დაფუძნდება შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი. შესაბამისად, შსს-ს აკადემია უკვე ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც და მთელს დასავლეთ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ჩვენი პოლიციელების კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით უკვე გავაუქმეთ შსს-ს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული. აკადემია იქნება ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას კვალიფიციური კადრებით“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თბილისის დანაყოფებს ქუთაისში არ გადაიყვანენ, შესაბამისად, პერსონალს ადგილობრივებიდან მოიზიდავენ.

 

„გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ შსს-ს აკადემიის რეგიონულ ოფისზე, ვგულისხმობთ, რომ შესაძლებელია, მთლიანად რეგიონისთვის გახდეს პროფესიული მომზადების ცენტრი. ზოგადად, ჩვენი აკადემია ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების იგივე ტიპის სასწავლებლები, ეს საიდუმლო არ არის, შესაბამისად, შეგვიძლია განვითარების შემდეგ ეტაპზე უკვე მოვიწვიოთ პოლიციელები მეზობელი ქვეყნებიდან და იქ უზრუნველვყოთ მათი გადამზადება. ეს, რა თქმა უნდა, ქუთაისისა და მთლიანი რეგიონისთვის იქნება დამატებითი სტიმული განვითარებისთვის“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

big_banner
არქივი