logo_geo
87 წლის ასაკში თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
- +

28 სექტემბერი. 2018. 17:19

 

ავადმყოფობის შედეგად ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.

 

თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. თბილისში დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში.

 

თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკრის“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად (1997-დღემდე).

 

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.

 

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

 

პოეტური კრებულები – „ღია სარკმელი“ (1958), „მზის საათი“ (1962), „ივლისი“ (1966), „მახსოვრობა“ (1978), „ლექსები“ (1987), „მზე დეკემბერში“ (1999);

 

პროზაული კრებულები – „გასეირნება პონის ეტლით“; „შუადღე“ (1963), „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“ (რომანი, 1965), „თეთრი კვამლი“ (1967), „აჰა, მიიწურა ზამთარი“ (რომანი, 1967), „მდგმურები“ (1971), „აუზი” (1972), „წერო“, „პოსეიდონის სასახლე”, „კაქტუსის ბაღი“, „ბრეიგელის მთვარე“; პიესები: „სურათები საოჯახო ალბომიდან“, „თავფარავნელის ბალადა”, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, „ნადირობის სეზონი“, „მშვიდობით, ლომერა“, „ნახვის დღე“, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“;

 

ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, „რუსთაველი“, „წინასწარმეტყველი“ (ილია), „აკაკი წერეთლის პოეზია“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, „ვაჟა-ფშაველა“, „გიორგი ლეონიძე“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „რობერტ სტურუა“, „დავით კაკაბაძე“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „მესამე ზარი“…

 

წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, „მერანმა“ გამოსცა 2006 წელს „დრო“.

 

პიესები: მისი პიესები იდგმება თეატრებში – როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“.

 

 

 

big_banner
არქივი