logo_geo
რა შემთხვევაში ეზღუდება მოქალაქეს საკუთრების უფლება
- +

29 სექტემბერი. 2018. 02:56

 

 

საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული, აღიარებული და ხელშეუვალი უფლებაა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

 რა შემთხვევაში შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა ან რა უფლებებით სარგებლობს ასეთ დროს მესაკუთრე, დეტალებს საადვოკატო ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს.

 

როგორც იურისტები განმარტავენ,  კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია. ასეთ შემთხვევას განეკუთვნება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

 

მათივე ინფორმაციით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

 

საკუთრების ჩამორთმევა ხორციელდება ჩამონათვალში მითითებული სამუშაოების წარმოების მიზნით. კერძოდ, გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის; სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

 

ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ მესაკუთრე იღებს კომპენსაციას. თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე მხარეებს შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში, რა შემთხვევაშიც ფასის დადგენა ხდება ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით სასამართლო ადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი