logo_geo
ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის შენაძენია
- +

5 ოქტომბერი. 2018. 13:40

 

 

„ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის - რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული მედია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და შეეხნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას საქართველოში - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. რადგან ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური წრეების თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის დისკრედიტაცია მოხდეს. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობაა. ის ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც მიმართულია სწორედ ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და იდენტიფიცირებისაკენ. დიახ, აქ ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე ათეული საერთაშორისო მნიშვნელობის საერთაშორისო კვლევა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ამით ჩვენ ვამაყობთ. პარტნიორები გახლავთ აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, ნორვეგიის და კიდევ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დიახ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრში ამ ვირუსით დაავადებულთა მკურნალობა არ ხდება.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ.

 

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

 

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამერიკელებისთვის, რომ არ დავუშვებთ მათი სამხედრო ბიოლოგების გაურკვეველ საქმიანობას რუსეთის საზღვრებთან“, - განაცხადა ერმაკოვმა.

 

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

 

 

big_banner
არქივი