logo_geo
სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის გადაღებვისთვის 15000 ლარით დაჯარიმდება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 14:34

 

სიღნაღში მე-18 საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე მიმდინარე თვითნებური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის მერიას 15000 ლარით დააჯარიმებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

ამასთან, imedinews-თან საუბარში სიღნაღის მერიაში ამბობენ, რომ შესაძლოა მერიამ მათივე დამკვეთი საინჟინრო-მონიტორინგის ჯგუფი დააჯარიმოს.

 

ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მათ პროექტით გათვალისწინებული ობიექტის ზედამხედველობა არაჯეროვნად შეასრულეს, რის გამოც ბატიაშვილი გარკვეული სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.

 

ბატიაშვილის თქმით, რეაბილიტაციის პროექტით, ცემენტით ნალესის მოხდა და გალავნის ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა იგეგმებოდა.

 

„პროექტში შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები მერიის მიერ დაკვეთილი არ არის. პროექტის ფარგლებში ჩვენ არ ვეხებოდით კულტურულ მემკვიდრეობას, მხოლოდ კიბეების და არსებული პარკის აღდგენა-განახლება უნდა განეხორციელებინათ.

 

კერძოდ, ცემენტების და ნალესის მოხდა და ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მომხდარიყო. მონიტორინგის ჯგუფმა საზედამხედველო ფუნქცია ვერ შეასრულა", - განაცხადა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა.

 

თუმცა ამასთან ცნობილია, რომ სიღნაღის მერიას ისტორიული გალავნის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც სააგენტომ მერია დააჯარიმა.

 

ერეკლე მეფის დროინდელი გალავნის თაღი ღია კრემისფრად 10 ოქტომბერს კომპანია „ინსტალ +“-ის ხელოსნებმა თვითნებურად შეღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და კომპანიას სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვეს.

 

სიღნაღის გალავნის ფერთან დაკავშირებით ინფორმაცია Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი