logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, რეგიონული დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპები ტარდება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 19:31

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურის დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპების ციკლი ტარდება. საპილოტე პროექტს ქუთაისის რეგიონული წამყვანი ტელევიზიებიდან მოწვეული სპეციალისტები წარუძღვებიან. პროექტის პარტნიორი ტელეკომპანია „იმერვიზიაა“ და დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპებს სწორედ აღნიშნული მედიასაშუალება მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჟურნალისტიკის პრინციპებს და ამ პროფესიისთვის საჭირო უნარებს დაეუფლებიან. ისინი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სწავლობენ ინფორმაციის წყაროებთან მუშაობის სპეციფიკას, ასევე „ნიუსის“ სტრუქტურის აწყობას, რეპორტაჟის მომზადებას, მის გაშუქებას სატელევიზიო და სოციალურ მედიაში და სხვა.

 

რაც შეეხება აუდიტორიას, პროექტში 17-დან 20 წლის ასაკის დამწყები ჟურნალისტები არიან ჩართულები.

 

ვორქშოპების თემატიკა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

 

ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული უნარ-ჩვევები უპირველესია, ამიტომ ასეთი ვორქშოპი კარგი საშუალებაა ყოველივე ზემოაღნიშნულის გასავითარებლად. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვინც აპირებს, რომ ჟურნალისტიკაში დაიმკვიდროს ადგილი. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არცერთი პრაქტიკული ჩვევა არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. ვფიქრობ, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჟურნალისტიკაში უპირველესია. ახალგაზრდებს კი კარგი შანსი აქვთ მოუსმინონ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სავარაუდოდ, სადაც ისინი აპირებენ, რომ იმუშაონ ჟურნალისტიკის მიმართულებით. მსმენელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი და დიდი ჩართულობა იყო. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. კარგი იქნება, თუ ასეთ შეხვედრებში ოპერატორებიც ჩაერთვებიან. მე მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი მომავალ თაობას“, - აღნიშნა ირმა ჭოლაძემ. 

 

როგორც ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი აცხადებს, აღნიშნული ვორქშოპი მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე დამწყები ჟურნალისტებისთვის. მისივე თქმით, ამ პერიოდში ახალგაზრდები ტელევიზიის შიდა სამუშაოების შესახებაც იღებენ ინფორმაციას.

 

„აღნიშნული ვორქშოპი ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც დამწყები ჟურნალისტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისათვის. სკოლის მოსწავლეებს ეს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ, გაიგებენ რა არის ჟურნალისტიკა და როგორ მუშაობს ჟურნალისტი. თუნდაც ერთმა მათგანმა მაინც რომ გადაწყვიტოს ჟურნალისტობა, ე.ი. ამ ვორქშოპმა გაამართლა. ამის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მათ ტელევიზიის შიდა სამუშაოს შესახებ ექნებათ ინფორმაცია, როგორ მზადდება სიუჟეტი და რა პრობლემებს აწყდება ჟურნალისტი მომზადების პროცესში. დამწყები ჟურნალისტებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და კარგი შედეგის მომტანი იქნება მსგავსი ვორქშოპი, რადგან მათ არამხოლოდ თეორიულ მასალაზე ვესაუბრებით, არამედ ვუყვებით საკუთარ მაგალითებსაც", - განაცხადა ედიშერ მუშკუდიანმა.

 

ჟურნალისტი, ქრისტი ქარჩხაძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვორქშოპები მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დამწყებ ჟურნალისტებს იქ მიმდინარე მოვლენებზე უწევთ მასალების მომზადება.

 

„მსგავსი ტიპის ვორქშოპები ხელს უწყობს კონკრეტული სეგმენტის ცნობიერების ამაღლებას, რადგან ამ დროს თეორიული მასალის შესწავლასთან ერთად, პრაქტიკულ სამუშაოსაც ახორციელებენ და გარკვეულ წილად ხდება იმიტაცია, იქნება ეს "ნიუსის", რეპორტაჟის თუ სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება. ეს კი ვორქშოპისას მიღებულ თეორიულ ცოდნას ამყარებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან პრაქტიკოსები მუშაობენ, რადგან მათ ყოველდღიური შეხება აქვთ მსგავს საკითხებთან.

 

მუნიციპალიტეტისთვის კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქ მიმდინარე მოვლენებზე უწევთ აპელირება და მასალების მომზადებაც აქედან გამომდინარე ხდება. გარდა ამისა, ეს ვორქშოპი დამამთავრებელ კლასში მყოფ მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში, ამიტომ, ამ კუთხით, ძალიან საინტერესოა", - აღნიშნა ქრისტი ქარჩხაძემ. 

 

ცნობისათვის, კურსის მიზანი რეგიონული მედიის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, უკვე სამი ვორქშოპი ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი