logo_geo
„იბერიას“ მენეჯმენტმა კრიზისულ სიტუაციაში, ვერ მოახერხა სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ჩვენთან და კრიზისის მართვა“
- +

19 ოქტომბერი. 2018. 16:19

 

 

„ტელეკომპანია „იბერიას“ მენეჯმენტმა კრიზისულ სიტუაციაში, ვერ მოახერხა სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ჩვენთან და კრიზისის მართვა”, – ამის შესახებ „კვირას“ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ბექა პატურაშვილმა განუცხადა.

 

ამასთან, პატურაშვილი ამბობს, რომ „იბერიას“ მენეჯმენტმა დასაქმებულებთან ჯეროვნად ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდა შეესრულებინა, რაც კრიზისული სიტუაციის მართვას გულისხმობს.

 

მისივე თქმით, „იბერიას“ თანამშრომლები არხის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს და ოქტომბრის თვის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

გარდა ამისა, ბექა პატურაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტმა მათი უფლებები დაარღვია, რადგან თანამშრომლებს საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა.

 

„როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ არხმა მაუწყებლობა შეაჩერა, თათბირი ჩატარდა, სადაც დავსვით კითხვები, კერძოდ, ვაგრძელებთ თუ არა თანამშრომლობას, თუ ვაგრძელებთ, უშუალოდ, საქმიანობის შესრულებას როდის გავაგრძელებთ, თუ არ ვაგრძელებთ, რა ფორმით, იურიდიულად ვწყვეტთ თუ არა ხელშეკრულებას და როდის მივიღებთ ჩვენ კუთვნილ ანაზღაურებას, რაც დაგროვდა მიმდინარე თვეში? გარდა ამისა, თუ ხელშეკრულებას შეგვიწყვეტენ, მაშინ, რა ვადებში მივიღებთ კომპენსაციას, რომელიც კანონიერად გვეკუთვნის – 2 თვის კომპენსაცია?

 

თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, პასუხი იყო ასეთი, რომ ფული არ არის და არ ვიცით, რას გადაგიხდით და გადაგიხდით თუ არა საერთოდო. ჩვენ ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, თუ როდის ან რა ფორმით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ან გავაგრძელებთ თუ არა საერთოდ, მომავალში”, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ბექა პატურაშვილმა.

 

ამასთან, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას „იბერიასა“ და „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები კვლავ აქვს.

 

„არ მინდა, ვინმემ აღიქვას, რომ ჩვენ ვინმეს ვუპირისპირდებით, ის კითხვები, რაც „ომეგას“ ან „იბერიას“ საქმეს ეხება, კვლავ რჩება. ხვალ რომ ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში გავაგრძელო მუშაობა, იმ შემთხვევაშიც მექნება ეს კითხვები, თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც არხის ხელმძღვანელობამ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ, თანამშრომლებს, რაღაცა გონივრული ვადით, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონოდა. მენეჯმენტის მხრიდან უნდა ყოფილიყო შემოთავაზება, თუ ხართ თანახმა, ამ კრიზისში გამოგვყვეთ…. ეს წინადადება ჩვენთან არ ყოფილა. სწორედ ამიტომ გვაქვს მოთხოვნა არხის მენეჯმენტთან, რომელთანაც ჩვენ შრომითი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რის შედეგადაც ჩვენს მიმართ მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები“, – აცხადებს პატურაშვილი.

 

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს ოქტომბრის თვის ხელფასი არ მიუღიათ. ისინი არხის ხელმძღვანელობისგან კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. გარდა ამისა, თუ არხის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მაშინ ისინი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

 

„ჩვენ გვაქვს ოქტომბრის დავალიანება, გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, გვიუქმდება თუ არა ხელშეკრულება. თუ არხის ხელმძღვანელობა აუქმებს ხელშეკრულებას, მაშინ როდის მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „იბერიას“ მენეჯმენტმა დასაქმებულებთან ჯეროვნად ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდა შეესრულებინა, ვგულისხმობ კრიზისული სიტუაციის მართვას.

 

ვინაიდან გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები, ამიტომ მივმართეთ არასამთავრობო სექტორს და პროფკავშირებს. თუ ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხი, არ არის გამორიცხული, რომ სამართლებრივი გზით დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგამთ და მოვითხოვთ ჩვენი ხელფასის ანაზღაურებას“, – აცხადებს ბექა პატურაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი