logo_geo
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ სესხის აღებას პირველი ნოემბრიდან აპირებს
- +

20 ოქტომბერი. 2018. 18:58

 

1 ნოემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და მსესხებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

 

რეგულაციების შედეგად, ფინანსებზე წვდომა მომხმარებლების ნაწილს შეეზღუდება. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დებულების სამუშაო ვარიანტი გასაჯაროებულია, თუმცა მარეგულირებელში ამბობენ, რომ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

 

მნიშვნელოვანი სიახლე, იპოთეკური სესხების აღებას ეხება. პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1 ნოემბრიდან ვეღარ აიღებს. უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლისა თუ თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ, როგორც საცხოვრებელი.

 

იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. მაგალითად, არსებული სამუშაო ვარიანტით ირკვევა, რომ თვეში ათასლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებს, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

 

დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საკრედიტო ბარათებსა და ოვერდრაფტებზე.

 

კოეფიციენტები იზრდება მომხმარებლის შემოსავლის პარალელურად. მაგალითად, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი - 50% უნდა იყოს.

 

ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება და მათი შემოსავლების დადასტურება.

 

პირველი ნოემბრიდან ბანკი სესხს არც იმ შემთხვევაში არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება.

 

იცვლება სესხის აღების ვადებიც. დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია 1 ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე გავრცელდება. რაც შეეხება დანარჩენ საფინანსო სექტორს, ცვლილებები მათზე 2019 წლის 1 იანვრიდან აისახება.

 

რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მუშაობას აგრძელებს. კონკრეტულად რა შეიცვლება საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, თვის ბოლომდე გვეცოდინება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი