logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამოქალაქო ეკოლოგთა“ მოხალისე ჯგუფი ყალიბდება
- +

25 ოქტომბერი. 2018. 15:14

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამოქალაქო ეკოლოგთა“ მოხალისე ჯგუფი ყალიბდება. ჯგუფის მთავარი მიზანი იქნება სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში გამოავლინოს და საზოგადოების განსჯის საგნად აქციოს ის დარღვევები, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

 

სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, მოხალისე ეკოლოგთა ჯგუფი შეეცდება სოციალური ქსელების და სხვადასხვა მედიასაშუალებით  საზოგადოების განსჯის საგანი გახადოს ეკოლოგიის მიმართულებით ის  მძიმე დარღვევები, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და კონკრეტულად დედაქალაქში.

 

იდეა უნივერსიტეტში ეკოლოგთან, პროფესორ თემურ ვეკუასთან შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების და პროფესორების  ხელშეწყობით გაიმართა და უდიდესი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. „სამოქალაქო ეკოლოგთა“ მოხალისე ჯგუფის შექმნის იდეა მოჰყვა სწორედ იმ მოხსენებას, რომელიც ბატონმა თემურ ვეკუამ გააკეთა უნივერსიტეტში. მან ისაუბრა საქართველოში შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ გარემოზე  და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავტომანქანების გამონაბოლქვზე, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორზე ეკოდაბინძურების, ასევე დაავადებათა დინამიკის ზრდის პირდაპირ ფაქტორზე. მაგალითისთვის: ალერგიული დაავადებები, იმუნური სისტემის დაქვეითება, ონკოლოგიური დაავადებები, რომელთა გასაზომი ინგრედიენტებიც ჯერ არ გვაქვს დადგენილი, რათა სრულყოფილად შევძლოთ ამ დინამიკის სათანადოდ შეფასება. პროფესორ თემურ ვეკუას თქმით, ჩვენთან ხდება მხოლოდ 8 ინგრედიენტის გაზომვა: Nox, NO2, NO, SO2, PM10, PM2,5;O3,CO. სინამდვილეში კი გამოიყოფა 300-მდე ინგრედიენტი. ე.ი. არ იზომება ბენზოპირენი, ფორმალდეგიდი, ბენზოლი, აკროილეინი, ტყვია, ამიაკი და სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ინგრედიენტების კონცენტრაცია. როგორც ვიცით, ტყვია აღმოჩენილია მოსახლეობის სისხლის ანალიზებში, ხოლო გამაბინძურებელი ინგრედიენტების სიცოცხლის ხანგძლივობა 4-5 წელია. გარდა ამისა თბილისში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ძალზედ რთულია, არსებობს  4 სადგური და ის ვერც განლაგების და ვერც რაოდენობის მიხედვით ვერ იქნება ეფექტური აცხადებს თემურ ვეკუა.

 

ეკოლოგი ასევე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას „მწვანე პოლიტიკას“ და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, განსაკუთრებით ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება. ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივაა ელექტრომობილებისათვის სალიზინგო ბიზნესის განვითარება. თუ ეს ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ეს ინიციატივაში იყო გაჟღერებული, მაშინ ამან შესაძლებელია რეალურად თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი