logo_geo
3 ახალი სარაგბო კომპლექსი ფონდ „ქართუსგან“
- +

26 ოქტომბერი. 2018. 23:03

 

 

27 ოქტომბერს, 13:30 საათზე ნუცუბიძის პლატოზე (მეოთხე პლატოდან ლისის ტბის მიმართულებით გადასასვლელი) მდებარე რაგბის ბაზაზე გაიმართება რაგბის კავშირისთვის 3 ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, დამწყები მორაგბეები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრებიან.

 

საქართველოს რაგბის კავშირი საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამ, თანამედროვე სტანდარტების ახალ კომპლექსს მიიღებს. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ხელს მოაწერენ ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს.

 

ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა  18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსისი ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.

 

სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. 

 

ფონდ „ქართუს“ როლი ქართული რაგბის განვითარებაში:

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა.

 

აქედან გამომდინარე, რეგიონში სწორედ  საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ აისახა ქართველი ბორჯღალოსნების წარმატებაზე. ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.

 

"ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია "მსოფლიო რაგბიმ"  უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას პრიზიც კი გადასცა.

 

სწორედ ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა.

 

რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.

 

ქართული რაგბის წარმატება და უახლოესი გეგმები:

 

რაგბის ეროვნული ნაკრები ამჟამად მსოფლიოში მე-13 პოზიციაზეა. ბორჯღალოსნების მიზანი მსოფლიო რაგბის რეიტინგის ათეულში ადგილის დამკვიდრებაა.

 

ნოემბერში ტრადიციული მსოფლიო რაგბის სერიები იწყება.  საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგას. ტესტ მატჩი სარეიტინგოა და გუნდებს შედეგებისათვის ქულები დაერიცხებათ.

 

მოცემული მომენტისთვის საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. ბორჯღალოსნები 73,13 ქულით მე-13 საფეხურს იკავებენ, ხოლო იტალია 72,56 ქულით მას კვალში უდგას. შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

 

 

big_banner
არქივი