logo_geo
ნუცა საქუაშვილი: სააკაშვილის რეჟიმმა მამა მომიკლა
- +

3 ნოემბერი. 2018. 14:32

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინაღმდეგ გამოდის გარდაცვლილი ბიზნესმენის ნოდარ საქუაშვილის ოჯახი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქონება ჩამოართვეს. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, ოჯახი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

 

ბიზნესმენის შვილი ნუცა საქუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრთხეებზე საუბრობს.

 

ამბობს, რომ მილიონობით ლარად შეფასებული საკუთრების დაბრუნებას ოჯახი ვეღარ შეძლებს და ქონება კვლავ ნაციონალების მფარველობის ქვეშ მყოფი მაღალჩინოსნების საკუთრებაში აღმოჩნდება. ნუცა საქუაშვილი ირწმუნება, რომ მამამისი მოწამლეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა თავიდან ასე ჩამოიცილეს.

 

 

სააკაშვილის სტუმრობა საქუაშვილების ოჯახში

 

„ეს არის რეჟიმი, რომლის დროსაც მამა მომიკლეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკაში გამოკვლევებზე წავიდა, სადაც უთხრეს, რომ მის ორგანიზმში დაუდგენელი სახის ტოქსიკური ნივთიერება იყო. მაშინ მამა ამბობდა, მაინც მომიშორესო. გამოკვლევებზე სულ დადიოდა და უცბად დაუდგინდა სიმსივნე. ის საბუთები, სადაც მოწამვლის ფაქტი დასტურდებოდა, ჩემი დის სახლში იყო და მოიპარეს. სახლში შევიდნენ და მხოლოდ ის საბუთები აღმოჩნდა წაღებული. ოჯახს საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მამა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოიშორა“, - ამბობს გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი.

 

ნუცა საქუაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს და სააპელაციო სასამართლოში პროცესების მიმდინარეობაზე მთავარ პროკურორს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

 

ამ საქმეში ბრალდებული ქეთევან ჯინჭველაძე შინაგან საქმეთა ყოფილის მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაის ბიცოლაა. საქუაშვილების ოჯახი აცხადებს, რომ ჯინჭველაძემ ქონების თაღლითურად მითვისება სწორედ „ნაციონალების“ მფარველობით შეძლო.

 

ბიზნესმენის ქონების განაწილების დროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა საქმის მაშინდელი მოსამართლეც. ნუნუ ნემსიწვერიძემ აღიარა, რომ მას უკანონო გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ.

 

 

ნოდარ საქუაშვილი

 

ბიზნესმენის ქონების თაღლითურად მითვისებაზე ქეთევან ჯინჭველაძეს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. ჯინჭველაძე 2-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

ნოდარ საქუაშვილი 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. მას ღვინის ქარხნები, სასტუმრო და სხვა უძრავ-მოძრავი ნივთები დარჩა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი