logo_geo
მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა გახსნა
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:09

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უახლესი სტანდარტებით აშენებული თბილისის N100 სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, თანამედროვე  კაბინეტები,  საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი  დაათვალიერა.

 

მინისტრმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია  და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დღეს 700-მდე მოსწავლეს უახლესი სტანდარტის, ახალი, თანამედროვე შენობა აქვს, რომელიც მოსწავლეებზე ორიენტირებულია ყველა კრიტერიუმით.  მანამდე კი, ის იყო 1804 წელს აგებული სრულიად ამორტიზირებული შენობა, რომელიც 2014 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

თითქმის ორი საუკუნის წინ აგებული თბილისის მე-100 საჯარო სკოლის ძველი შენობა ატიპიურ ნაგებობას წარმოადგენდა. ვინაიდან ის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მოსწავლეთა რაოდენობა შეემცირებინა.

 

არაერთი ექსპერტიზის საფუძველზე, 2014 წელს  განხორციელებული სკოლის დემონტაჟის შემდეგ, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და დღეს, 700-მდე მოსწავლეს, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აქვს, რომლის ბიუჯეტმა  5 506 000 ლარი შეადგინა.

 

სკოლას აქვს როგორც საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ასევე ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი.

 

N 100 სკოლა უახლესი სტანდარტების შესაბამისია - შეკიდულ-აკუსტიკური ჭერი; ვინილის იატაკი; დამონტაჟებულია BMS სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხო და ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს; სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის განგაშის ღილაკი, სენსორული განათება, ელექტრო ფარი, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურა, გაზის გაჟონვის სენსორი, სასკოლო კარის დეტექტორი.

 

 

 

big_banner
არქივი