სიღნაღში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის კაცი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, გიორგი სიხაშვილი კვადროციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც „სიღნაღქალაქობისთვის“ დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა. ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო.
როგორც imedinews-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბეჟიაშვილმა განუცხადა, უბედური შემთხვევის გამო, ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა შეჯახების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით.