logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: ფლორენცია დღეს ქართული ქალაქია
- +

10 ნოემბერი. 2018. 19:50

 

 

ამ წუთებში საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.

 

ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ საქართველოდან იტალიაში ათასობით ქომაგი გაემგზავრა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფლორენციაში ქართველ მორაგბეებს გულშემატკივრობს. მან ბორჯღალოსნებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მიუხედავად რთული თამაშისა, ისინი გამარჯვებას მოიპოვებენ.

 

„აქ არის საოცარი განწყობა! მართლაც, ფლორენცია დღეს ქართული ქალაქია! ჩვენს საამაყო ბიჭებს გულშემატკივრობენ საქართველოდან ჩამოსული სტუმრები და რაც მთავარია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. ეს არის ნამდვილი ზეიმი! მიუხედავად თამაშის სირთულისა, იმედი მაქვს, გამარჯვებას მოვიპოვებთ და ეს იქნება ჩვენი მორაგბეების, მთელი ქართული სპორტის გამარჯვება!“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

 

პარალელურად, ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ქართული რაგბის ქომაგები არიან შეკრებილი და დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს მატჩის მსვლელობას. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდა. ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდა ფლორენციაში, Stadio Artemio Franchi-ზე. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრებმა შეასრულეს.

 

 

იტალიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში გამართავენ - 17 ნოემბერსა „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.

 

 

big_banner
არქივი