logo_geo
რა შემთხვევაში ეზღუდება მშვილებელს ბავშვის შვილად აყვანა
- +

11 ნოემბერი. 2018. 02:03

 

 

საქართველოში შვილად აყვანა და მისი პროცედურები საოჯახო სამართლის სფეროს განეკუთვნება და მას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.

 

ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, რა პროცედურებს ითვალისწინებს ბავშვის შვილად აყვანა.

 

​როგორც იურისტები განმარტავენ, ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის მისი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ისეთივე ურთიერთობა წარმოიშვას, როგორიცა მშობელსა და შვილებს.

 

ამასთანავე არის გამონაკლისი, როცა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა შეიძლება. ამ შემთხვევაში მთავარია უკვე არსებობდეს ფაქტობრივი ურთიერთობა მშვილებელსა და შვილად ასაყვან პირს შორის, ასევე არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ის ზნეობრივად გამართლებულია.

 

გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს:

ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

ბ) რომელიც არის ობოლი;

გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;

დ) რომლის მშობელსაც (მშობლებს ) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება;

ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ამასთან იურისტები განმარტავენ, რომ ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვები არსებობს.

 

კერძოდ: აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;

 

აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება.

 

აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა.

 

მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

 

მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

 

დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;

 

მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი არის საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ" ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი