logo_geo
ზაზა შათირიშვილი: „კასრების ამბავი“ არ უნდა დაბლოკილიყო და ეს კადრები საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ
- +

22 ნოემბერი. 2018. 18:51

 

„კასრების ამბავი“ არ უნდა დაბლოკილიყო  და ეს კადრები საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ბევრი მსგავსი ინფორმაცია დაიბლოკა და საზოგადოებამდე არ მივიდა.

 

„ამის ჩვენებაზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი იყო დაბარებული – NGO სექტორი და ასე ვთქვათ, ცნობადი სახეები. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ბევრი ასეთი რამ დაიბლოკა და ხალხამდე არ მივიდა, რომ ხალხს ენახა, რა ხდებოდა, რა ტიპის კადრები იყო და ა.შ. არ შემიძლია, დათო მაღრაძის აფორისტული გამოთქმა არ მოვიშველიო, სადაც თქვა, რომ კი, კოაბიტაცია მოგვთხოვეს, მაგრამ „ოცნებამ“ ამას გემოც ჩაატანაო“, – განაცხადა შათირიშვილმა.

 

შათირიშვილმა აღნიშნა, რომ ამისთვის სახალხო დარაზმულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რეალური სუვერენიტეტის პროცესი დაიწყოს.

 

„სახალხო დარაზმულობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, მეორე ტურის შედეგებში ეჭვი არ მეპარება, როგორ იქნება და რანაირად, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამის მერე რა მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ის არის, რომ რეალური სუვერენიტეტის პროცესი უნდა დაიწყოს. ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის. ამის გამოხატულების ბევრი ფორმა არსებობს. შეიძლება, ეს რაღაც მომენტში, კულტურული იდენტობა იყოს და ამას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მიემატოს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა შათირიშვილმა.

 

მისი თქმით, ყველა ქვეყანას, რაც არ უნდა ეთიკური და ამაღლებული იყოს, თავისი ნაციონალური ინტერესი აქვს, ამიტომ საქართველომ უნდა მოახდინოს იმის არტიკულირება, რა არის ნაციონალური ინტერესები.

 

„გარკვეული ტიპის ჯგუფებზე ერთხელ ასეთი რამ ვთქვი, რომ მათ ასე წარმოუდგენიათ – თუ რუსეთის მონა ხარ, მონა ხარ, მაგრამ თუ ამერიკის მონა ხარ, თავისუფალი ხარ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი საშინაო, საგარეო, გეოპოლიტიკური და ა.შ. ინტერესები, ხოლო თუ ეს არ ვიცით, მარადიული ინფანტილობისთვის ვართ განწირული. სახელმწიფო ნაციის ფუნქციაა, ნაცია კი, საკუთარ თავს კულტურით ადგენს. ყველაზე დიდი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია, ეს მისი კულტურაა, რომელიც ზოგისთვის 3000-წლოვანია, ჩემთვის კი, მაგალითად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის 1 600 წელი, რაც არის უკვე ქრისტიანული კულტურა და ამაზე ქართველ კაცს უარის თქმა არ შეუძლია“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი