logo_geo
„ბრმას მხედველობა უბრუნდება, სმენადაქვეითებული იკურნება, ძლიერი ტკივილები ყუჩდება“ - ბერი, რომელიც ხალხს კურნავს
- +

27 ნოემბერი. 2018. 12:32

 

ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე ბერი ნაუმის შესახებ უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ალბათ ბევრია ისეთიც, ვინც მის შესახებ ახლა შეიტყობს. როგორც თვითმხილველები და უშუალოდ ისინი ამბობენ, ვინც ბერის ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა, მან არაერთი ადამიანი განკურნა.

 

ბერს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავენ გასაჭირში მყოფი ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფი იქვე ხდება კარგად - ბრმას მხედველობა უბრუნდება, სმენადაქვეითებული იკურნება, ძლიერი ტკივილები ყუჩდება და ა.შ.

 

მსახიობი მაია ტურაშვილი, რომელიც „სარკის“ ერთ-ერთ წინა ნომერში თავისი მძიმე დიაგნოზის შესახებ ყვებოდა, გვიამბობს იმაზე, რაც ყინწვისის მონასტერში ნახა.

 

მაია ტურაშვილი:

 

– ჩემს ახლობელს სიმსივნე ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო, ფაქტობრივად გამოიტირეს, მაგრამ ბერის დალოცვის შემდეგ ნელ-ნელა გამოსულა მდგომარეობიდან და მობრუნებულა სააქაოს. ცხადია, ერთხელ დალოცვით არ მომხდარა ეს სასწაული და მასთან ხშირად მიდიოდა.

 

გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი ყინწვისში. სიმსივნე მაქვს, მეოთხე სტადიაში. ძალიან დიდი რწმენით მივედი მონასტერში. ბერ ნაუმს რომ მოვუყევი ჩემი ამბავი, დამლოცა და მითხრა, ნუ შეშინდები, ყველაფერი კარგად იქნება, ამ დაავადებას მოერევიო.

 

იქიდან საოცრად დამშვიდებული დავბრუნდი და დავიწყე მკურნალობა. სამი გადასხმის შემდეგ ისე კარგად ვიგრძენი თავი, სიტყვით ვერც გადმოგცემთ, საოცარი შედეგი მქონდა!

 

მეგობარი ჩამომივიდა იტალიიდან, რომელსაც ძალიან ძლიერი წელის ტკივილები ჰქონდა. თითქმის კოჭლობდა. მითხრა, რომ დავბრუნდები იტალიაში, უკვე ჩანიშნული მაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ გავიგო, რა მჭირსო. ის ადამიანი მორწმუნეა და მოვუყევი ბერ ნაუმზე. შევთავაზე, მასთან წავსულიყავით და დაელოცა. წავედით მე, ჩემი მეგობარი, მისი მეუღლე და ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი.

 

მანქანით მონასტრამდე ვერ მიხვალ, გზის გარკვეული ნაწილი ფეხით უნდა იარო. მეგობრის მეუღლემ მანქანაში დარჩენა დააპირა, მაგრამ დავაძალე, ასეთ წმინდა ადგილზე ხარ და ბერის ლოცვის სასწაულმოქმედების თუ არ გწამს, სანთლები მაინც დაანთე-მეთქი. დამიჯერა.

 

ჯერ ტაძარში დავანთეთ სანთლები და მერე ავედით ბერ ნაუმთან. ჩვენ წინ ცოლ-ქმარი მიდიოდა და 5 წლის ბავშვი მიჰყავდა. არ ვიცოდით, რა პრობლემა ჰქონდათ. ბერი ტაძარში ზის. მასთან ჯერ ბავშვიანი ცოლ-ქმარი მივიდა. მაშინ გავიგეთ, რომ ბავშვს სმენა დაქვეითებული ჰქონდა და ლაპარაკი უჭირდა. ბერმა ბავშვს სახელი რომ ჰკითხა, მის ნაცვლად დედამ უპასუხა. ბერმა უთხრა, თვითონ უნდა მითხრასო. ბავშვმაც, დედის დახმარებით, ძლივს ამოილუღლუღა თავისი სახელი. ბერმა დალოცა.

 

პირველად რომ დალოცა, მერე ძალიან დაბალი ხმით ჰკითხა, გესმისო. პატარას საერთოდ არ ჰქონდა რეაქცია, ვერ გაიგო. მეორე ლოცვის შემდეგაც ურეაქციოდ იყო, მაგრამ, მესამედ რომ დალოცა და ჰკითხა ბავშვს, გესმისო, მან უპასუხა, კი, მესმისო.

 

ეს სასწაული რომ ვიხილეთ, ყველანი მუხლებზე დავემხეთ და ავტირდით. უფალმა ბერი ნაუმის ლოცვით ბავშვი ჩვენ თვალწინ განკურნა.

 

– რა ლოცვას კითხულობს ბერი?

 

– ბერი ნაუმი ლოცვის დროს არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემს და ვერ გაარკვევ, რომელ ლოცვას წარმოსთქვამს.

 

ბავშვს რომ სმენა დაუბრუნდა, მერე მე დამლოცა და მითხრა, შენ განიკურნეო. წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? მერე მივიდა ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც ბერთან არ მოგვყვებოდა. მას ცალ ყურში არ ესმოდა და ბერს ამ პრობლემის შესახებ უთხრა. ისიც დალოცა და გამოვიდა თუ არა ტაძრიდან, დაიყვირა, იცით, ჩურჩულიც კი მესმისო.

 

მერე ჩემი მეგობარი მივიდა, რომელსაც, როგორც გითხარით, წელისა და ფეხის საშინელი ტკივილი აწუხებდა. ისიც დალოცა ბერმა ნაუმმა და ხმამაღლა უთხრა, ახლა გაიარეო. ორი ნაბიჯი რომ გადადგა, მუხლებზე დაემხო და ატირდა, დიდება უფალს, აღარაფერი მტკივაო.

 

ჩემი მეგობარი ამჟამად უკვე იტალიაშია. ხშირად ვეკითხები ჯანმრთელობის შესახებ და ვიცი, რომ მას მერე წელის ტკივილს საერთოდ აღარ შეუწუხებია. აი, ასეთი სასწაულები ხდება საქართველოში, ყინწვისის ტაძარში.

 

– თქვენ ახლა თავს როგორ გრძნობთ?

 

– მეოთხე სტადიის B ჯგუფის სიმსივნე მაქვს, მაგრამ ახლა ექიმი მეუბნება, სულ მთლად ვერ დაგანებებინებ მკურნალობას თავს, ზოგჯერ პროგრესირება იცისო. წამლები, რომლებსაც ვიკეთებდი, ჩემმა ორგანიზმმა კარგად მიიღო. დიდება უფალს ამისთვის.

 

დანიშნულ წამლებსაც მხოლოდ უფლის დახმარებით ვყიდულობდი. ახლაც სიზმარში მგონია თავი, იმ კოლოსალურ თანხებს როგორ შევწვდით და როგორ მოვახერხე მკურნალობა. 300 000 ლარი დავხარჯე და მე, მსახიობს, ამდენი ფული საიდან მექნებოდა? ეს იყო ღვთის ნება. როგორც ჩანს, უფლის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და ამხელა სასწაულიც იმიტომ გამოიმეტა ჩემთვის.

 

დიდი ასოებით დაწერეთ, რასაც გიყვებით, ყველამ უნდა ნახოს და გაიგოს, რომ თუ ირწმუნებენ და მივლენ ბერ ნაუმთან, პრობლემები მოეხსნებათ. მინდა, ყველა განიკურნოს და ადამიანები აღარ იტანჯებოდნენ.

 

– ბერთან მისვლა ყოველდღიურად შეიძლება?

 

– დიახ. ზოგჯერ რიგებია და უნდა დაელოდო. ბერი ყველა ადამიანს იღებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი