logo_geo
2008 წლის 11 სექტემბერს სააკაშვილის ფონდიდან, ბაქრაძის მანქანისთვის 174 800 ლარი გამოიყო
- +

27 ნოემბერი. 2018. 16:44

 

 

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს 2008 წლის აგვისტოს თვეში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი „Mercedes –Benz S 450 L“ უყიდა.

 

საინფორმაციო სააგენტო „აიპრესმა“ სახელმწიფო უწყებებიდან 2008 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის პარლამენტიდან. რისთვის და მიზნობრიობით იხარჯებოდა 2008 წლის ომის დროს და შემდეგ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი, ამის შესახებ ვრცელ გამოძიებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი რაც შეეხება ამ ფაქტს:

პარლამენტიდან მიღებული წერილის პასუხით ირკვევა, რომ 2008 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ( № 592) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პარლამენტისთვის თანხა გამოიყო – 174 800 (ას სამოცდათოთხმეტი ათას რვაასი) ლარი.

 

როგორც დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით პარლამენტმა შპს „აკა“-სგან შეიძინა სატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენცი“(Mercedes –Benz S 450 L). მიღება-ჩაბარების აქტით კი ირკვევა, რომ 2008 წლის 11 სექტემბერს დადებული №3/300 ხელშეკრულების თანახმად 22.09.2008 წელს, შპს „აკა“-მ გადასცა საკუთრების უფლებით პარლამენტის აპარატს პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივი დანიშნულებისთვის 2008 წლის აგვისტოს თვეში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი – „Mersedes Benc S 450 L“, რომლის ღირებულება 174 800 ლარს შეადგენდა. აქვე წარმოგიდგენთ მანქანის მონაცემებს:

 

 

„აიპრესი“ დაინტერესდა, თუ რა განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენდა საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენა ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში და „ევროპულ საქართველოს“ მიმართა კითხით, რა აუცილებლობა იყო დავით ბაქრაძისთვის იმ პერიოდში (აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე დღეში) 174 800 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენა?

 

ხუთღიანი ლოდინის მიუხედავად დავით ბაქრაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მეხუთე დღეს, როგორც, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში გაგვიცხადეს, დავით ბაქრაძე აშშ-ში იმყოფებოდა და „ამერიკის დრო  საქართველოს დროს ვერ დაამთხვიეს ერთმანეთს“ კომენტარის ჩასაწერად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც შევახსენეთ პრესსამსახურს, რომ არსებობს რამდენიმე სოციალური ქსელი, თუნდაც „facebook“, „Viber“, „Skype“, გვითხრეს, რომ დროის დამთხვევა მაინც ვერ ხერხდებოდა და მას შემდეგ ჩაგვაწერინებდნენ, რაც ის დაბრუნდებოდა. როდის დაბრუნდება დავით ბაქრაძე, ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი