logo_geo
კახა კალაძე: ხვალინდელ საქართველოში თითოეული ახალგაზრდის როლი ძალიან მნიშვნელოვანია
- +

18 დეკემბერი. 2018. 20:51

„ხვალინდელ საქართველოში თითოეული ახალგაზრდის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება, რის გარანტიასაც სტუდენტებს დედაქალაქის მერია აძლევს.

 

„ჩვენ გვჭირდება განათლებული ახალგაზრდობა, მომავალი თაობები და თითოეული თქვენგანის როლი ხვალინდელ საქართველოში არის მნიშვნელოვანი. ის შემართება, ემოცია, სულისკვეთება, რაც დღეს აქ იგრძნობა, სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით და ამ ყველაფერში ახალგაზრდების როლი არის განსაკუთრებული“, – მიმართა ახალგაზრდებს კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ახალგაზრდობისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

 

„მინდა, დაგარწმუნოთ ერთ რამეში, როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, თითოეულმა თქვენგანმა ჩათვალოს, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი და ყველა საკეთილდღეო საქმეში, ყველა პროექტის განხორციელებაში მზად ვარ, ვიყო თქვენს გვერდით, დავიცვა ახალგაზრდების უფლებები და თქვენთან ერთად განვახორციელო მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხვალინდელი საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა ვუთხრათ მთელს საქართველოს, ყველა თაობის ადამიანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების სულისკვეთებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“-ის საზეიმო დახურვის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა.

 

ფესტივალში, რომელიც სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა, დედაქალაქში არსებული 23 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი