logo_geo
მეუფე დანიელი: დაე, წლევანდელი წელი ყოფილიყოს ჩვენი ტერიტორიული გამთლიანების დასაწყისის წელი!
- +

30 დეკემბერი. 2018. 17:35

 

„ღმერთმა ინებოს, მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის თანხმობის, სიყვარულის, მიტევების, ურთიერთგაგების და ჩვენი ამ სულიერი გამთლიანებით, ტერიტორიული გამთლიანების დაწყების წელი“, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

„მომავალ წელს საქართველო პირველად აღვნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა, კიდევ ერთხელ ცდილობს მადლობა შესწიროს ღვთისმშობელს და ამ მადლიერებისთვის ღვთისმშობელი ახალ ძალას გარდამოგვივლენს ჩვენ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ დღესასწაულისთვის, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნით ყველა ის წყალობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ღვთისმშობელს მოუნიჭებია ჩვენთვის, კიდევ ერთხელ გამთლიანდეს და სრულად გადმოვიდეს საქართველოზე. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას, რადგანაც მან ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა, რომელიც არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 2000 წლისთავს. წელს ემთხვევა ასევე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელი. დაე, წლევანდელი წელი ყოფილიყოს ჩვენი სულიერი გამთლიანების და ასევე ტერიტორიული გამთლიანების დასაწყისის წელი!“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

გარდა ამისა, მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ „ყველა განსაცდელს გადაურჩება ადამიანი, თუ იგი იქნება ღვთის ერთგული, თუ იგი მთელი არსებით შეიყვარებს უფალს“.

 

„ღვთისმსახურებას, საეკლესიო წესების შესრულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მთელი გულით და არ არის ჩვენი გული გაყოფილი. უფალი ბრძანებს: შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება, ანუ ერთი უნდა მოიძულო და ერთი იგი უნდა შეიყვარო. შეუძლებელია სიყვარული მამონისა და ღმრთისა. მამონა არის სიმდიდრის კერპი და მიწიერი ცხოვრების მიმართ ასეთი ლტოლვა, ძლიერი მიდრეკილება, რომელიც აცდუნებს ადამიანს, ყოველთვის იყო ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც იყო ამის მაგალითები, ჩვენი ერის ისტორიაშიც იყო ამის მაგალითები. როცა ჩვენ სულიერად ძლიერნი ვიყავით, ვამარცხებდით ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებს. თავს ვიცავდით, აღორძინებული იყო ქვეყანა. და როცა ჩვენი რწმენა შესუსტებული იყო, ადვილად გვიპყრობდა მტერი. ზუსტად ასე მოხდა მე-19, მე-20 საუკუნეებში, ჩვენი რწმენა იყო შესუსტებული და მტერმა მოახერხა ჩვენი დაუძლურება, მაგრამ დღეს სამი ყრმის მსგავსად, ჩვენც გვყავს ასეთი რჩეულები, მამა გაბრიელი, ჩვენი პატრიარქი, რომელთა ლოცვითაც ღმერთი კიდევ იცავს ჩვენს ქვეყანას, რომელთა ლოცვითაც თანდათანობით ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს სარწმუნოებას. ძალიან მნიშვნელოვანია სარწმუნოებაში გამთლიანება. სარწმუნოება არ ნიშნავს მხოლოდ ღმერთის აღიარებას. იაკობ მოციქული ბრძანებს: რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გვწამს ღმერთის არსებობა. მაგრამ რას ვაკეთებდით იმისთვის, რომ ღვთის ძალა მოქმედებდეს ჩვენში? ღვთის ძალა მოქმედებს ჩვენში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს სისუსტეს, ჩვენს შეცდომებს, ცოდვებს და ვაღიარებთ ღვთის წინაშე, გვაქვს განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთ დროს ღმერთი გვპატიობს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა და დასძინა: „ჩვენ უნდა ვეცადოთ სრულვყოთ ჩვენი ლოცვა და მარხვა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი