logo_geo
ახალი წელი და მეკვლეს დახვედრის რიტუალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
- +

2 იანვარი. 2019. 13:58

 

 

ქართველისთვის „გარედან შესული“ ფეხი და თვალი იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ უცხო ოჯახში შესვლისას ყოველთვის ილოცება - კეთილი იყოს ჩემი ფეხიო.

 

საქართველოში შობა-ახალ წელს ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება - ქრისტესშობაც მეტყველებს.

სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს მეკვლეობის ტრადიცია.

ტრადიციების მოყვარული ოჯახი მეკვლეს კანდიდატს დიდი გულმოდგინებით არჩევს.

მეკვლე პირველია, ვინც ახალი წლის ღამეს ოჯახში შედის და ამ სიტყვებით ლოცავს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“.

 

ახალი წელი და მეკვლეს დახვედრის რიტუალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია.

 

გურიაში ახალი წლის პირველ დღეს კალანდა ჰქვია, რაც ლათინური სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. გურულები კალანდას თოფის გასროლით ხვდებიან და ამ დღისთვის განსაკუთრებულ სუფრას ამზადებენ, რომელსაც აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ღორის თავი, მრგვლად მოხარშული, მსუქანი დედალი, შემწვარი თუ მოხარშული ხორცი, ღვეზელი, ხაჭაპურები, მჭადები, გოზინაყი, ტკბილეული და ხილი. გურული ქალები ღვეზელის ცხობას დიდ ყურადღებას უთმობენ. კოკრის ან სამკუთხედის ფორმის ღვეზელი საუკეთესო ხარისხის ფქვილისგან იზილება და ოჯახის ყველა წევრისთვის ცხვება. ყველითა და კარგად მოხარშული და გამშრალი კვერცხით გამოტენილი ღვეზელის მთავარი ღირსება სწორედ ყველისა და კვერცხის ოდენობით განისაზღვრება. ტრადიციულად, „საუფროსო“ და „საუმცროსო“ ღვეზლები ცალკე ცხვება. ასევე, ცხვება ღვეზლები სტუმრისა და მეალილოესთვის.

 

გურულებისთვის კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელიც, სიმბოლურად, მზესთან და მის სხივებთან ასოცირდება.

 

რაც შეეხება მეკვლეს, მას გურიაში ფეხადს უწოდებენ. საჩუქრებით დატვირთული ფეხადი შუაღამის შემდეგ პირველი შედის ოჯახში, ისვრის თოფს, ანთებს ბუხარს და ოჯახს ხვავსა და ბედნიერებას უსურვებს.

 

 

სამეგრელოშიც ჩიჩილაკი ახალი წლის განუყრელი ატრიბუტია. სამეგრელოში ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ და გარშემო ტკბილეულს, მოხარშულ გოგრასა და ხილს უწყობენ. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლით სავსე ჯამით გადის, სახლს წრეს დაარტყამს, ფუძეს დალოცავს, შემდეგ კი სახლში საახალწლო ტაბლას დანარჩენებთან ერთად მიუჯდება და ტკბილეულით „დააბერებს“.

 

მეკვლე, ანუ მეკუჩხური სუფრიდან კაკალს იღებს და წმინდა ბასილს სთხოვს, ოჯახი სიკეთითა და ბარაქით გაავსოს. ტრადიციული ღომის, ელარჯის, გებჟალიას, კუპატისა და სხვა მეგრული კერძების გარდა, მეგრულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად კეთდება რაიმე უცხო საჭმელი.

 

იმერეთშიც მიღებულია, რომ ახალი წლის დილას ოჯახის უფროსმა ხორაგით სავსე ხონჩით  სახლს სამჯერ წაღმა შემოუაროს და უფალს წყალობა, ხვავი, ბარაქა და ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობა სთხოვოს. სახლში დაბრუნებული ოჯახის თავი ბუხარში მოგიზგიზე კუნძს ჯოხს რამდენჯერმე დაჰკრავს და საკვამურიდან ცისკენ წასულ ათასობით ნაპერწკალს ლოცვას დაადევნებს, ამდენი ოქრო, ამდენი ძროხა, ამდენი ხარი, კამეჩი, ქათამი, ღორი და ინდაური ჩვენს ოჯახშიო.

 

ახალი წლის წინა დღეს იმერეთში სხვადასხვა კენკროვანი მცენარე მოაქვთ და ხონჩასთან ახლოს აწყობენ. ძილის წინ ოჯახის ყველა წევრი ერთ ნატეხ შაქარს იღებს, რომ მთელი წელი ტკბილად და ბედნიერად გაატარონ.

 

რაჭაში ახალ წელს დიდი სიხარულით ელიან. კლავენ ღორს ან მოზვერს, აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, ადამიანისსახიან ბასილას და „კერიას პურს“. ოჯახის მეკვლე, რომელსაც რაჭაში „მაკვლიელს“ ეძახიან, ნამცხვრებს, მოხარშულ ლორსა და შემწვარ წიწილას სინზე დაალაგებს, გვერდით ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს, ხელში ჩიჩილაკს დაიკავებს და ოჯახში ანთებული სანთლით შებრძანდება, თან ომახიანად შესძახებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენისა და მოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო, ბედნიერი წელი მოგვიბრუნე. მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმა.“ საპასუხოდ ოჯახიც დალოცვის სიტყვებს ამბობს. შემდეგ მეკვლე ოჯახის წევრებს ხელ-პირს აბანინებს - ხალხის რწმენით, ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წველა ექნებათო.

 

რაჭველი „მაკვლიერი“ ახალ წელს საქონელსაც ულოცავს და თივას უყრის. მეკვლე თუ „კარგი ფეხის“ გამოდგა, მას კიდევ სამი წლით ირჩევენ.

 

ლეჩხუმში ახალი წლის მეკვლედ ოჯახის უხუცესი მიიჩნეოდა. ახალი წლის დადგომისთანავე ის ღვინის დოქით ვენახში გადადიოდა და ჯერ ზვრებს ლოცავდა, შემდეგ ბეღელსა და ნალიას, ქვევრებს და ბოლოს, სახლში მიბრუნებული, გვარსა და ოჯახს. ოჯახში ყველა ფუსფუსებს და მხიარულობს, რომ მთელი წლის მანძილზე სიზარმაცე და უხასიათობა არ დაებედოთ.

 

ქვემო სვანეთში ახალი წლის დღესასწაულს ლიძიენალ ეწოდება, ხოლო ზემო სვანეთში - იეშხვამ.

ამ დღის დადგომამდე მამაკაცები ტყეში მიდიოდნენ და ხეს ჭრიდნენ, ქალები კი საახალწლო პურის ზელასა და კუპატის კეთებას იწყებდნენ. ისევე როგორც მთელ საქართველოში, მეკვლე სვანეთშიც მიღებული და დაფასებული ადამიანი იყო, რომლის დასახვედრად მთელი ოჯახი ემზადებოდა.

 

ქართლსა და კახეთში ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლს სამჯერ შემოუვლიდა და შინ შემობრუნებული საახალწლო ტკბილეულით ოჯახის წევრებს „ტკბილად აბერებდა“.

 

ოჯახს მოსავლიანი წელი და ბარაქა რომ დაბედებოდა, ქართლ-კახეთში მეკვლეს ოჯახში, ტკბილეულთან ერთად, ხორბალი შეჰქონდა და იატაკზე ფანტავდა.

 

ხევსურეთში მამაკაცები საახალწლოდ არაყს ხდიდნენ და ლუდს ხარშავდნენ, ქალები კი ოჯახის თითოეული წევრისთვის ბედობის კვერებს აცხობდნენ და აკვირდებოდნენ - ვისი ბედისკვერიც სხვებზე მეტად აფუვდებოდა, მისთვის ის წელი განსაკუთრებით იღბლიანი უნდა ყოფილიყო.

 

ხევსურეთში ახალი წლის დილას ოჯახში შესული მეკვლე კერიას ნაკვერჩხალს დაჰკრავდა და ცისკენ წასულ ათასობით ნაპერწკალს ოჯახის დალოცვას გააყოლებდა: „ამდენი ხარი, ამდენი ცხორი, ამდენი დოვლათი...“

 

სამცხე-ჯავახეთში ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი ტკბილეულით სავსე ხონჩით სახლის ბანზე ადიოდა, ოჯახს დალოცავდა და ერდოდან საახალწლო კვერებს ჩამოყრიდა. საახალწლო კვერს ბასილას გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა.

 

ფშავში ახალი წლის შემობრძანებისას მამლის პირველ ყივილზე დიასახლისები ჯალაბს ხონჩაზე დაწყობილ თბილ ხმიადებს მიართმევენ და ასე ულოცავენ: „დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალმა წელმა, ახალით წლის გამოცვლამაო“. შემდეგ სახლში მეკვლე შემოდის. „ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, კარგამაც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვამ გიმატოთ თავის კაცით, საქონით.“

 

ამის შემდეგ ოჯახში სამ სუფრას დგამენ: ერთს მიცვალებულების სახელზე, მეორეს - მოუგონებელი მკვდრების და მესამე - უპატრონოების.

 

ფშაველებს სწამთ, რომ ახალი წლის დილას ყველაფერი „ცხადია“ და სრულდება და ამიტომ კარგსა და სასიამოვნოს აკეთებენ.

 

საქართველოს მთაში საახალწლოდ საქონლის დალოცვაც იცოდნენ. სახლს რომ მოივლიდა, მეკვლე კვერცხით ხელში გომურში შედიოდა, კვერცხს ტეხდა და საქონელს ტანზე უსვამდა, რათა ბევრი მოეწველა და კარგი ნაშიერი ჰყოლოდა. ხარებს კი რქებზე სანთლებს ამაგრებდნენ და კერიას სამჯერ შემოატარებდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი