logo_geo
სამების ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს
- +

6 იანვარი. 2019. 23:44

 

 

სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმსახურებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიოსთან, წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმსახურები მონაწილეობენ. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება.

 

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

 

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

 

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი