logo_geo
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
- +

14 იანვარი. 2019. 10:33

 

14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლებს: დაგეგმილია ამავე თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერისა და თელავის საპატიო მოქალაქის ივანე იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა. საზეიმო ღონისძიებებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

 

პროგრამაშია ვანო იანტბელიძის ბენეფისი „მონოლოგი“, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „258 წლის თელავის თეატრი“ პრეზენტაცია, გია ცქიტიშვილის წიგნის „ბერიკა-მსახიობელი“ პრეზენტაცია, საქართველოს თეატრალური საზოგადოების სახელობითი პრემიებით დაჯილდოების ცერემონია, და ვანო იანტბელიძის ვარსკვლავის გახსნა. მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა.

 

ივანე (ვანო) იანტბელიძე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენი კავალერი, თელავის საპატიო მოქალაქეა.  თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში განსახიერებული აქვს 100-ზე მეტი როლი.  მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ოთხი პრემია   მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის; ასევე, პრემია „დურუჯი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

 

ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. სწორედ, მისი პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში;  სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

 

თელავში ქართული თეატრის დღე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მხარდაჭერით აღინიშნება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი