logo_geo
„არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ასე - ორი შვილის სიკვდილის მერე, ახლა შვილიშვილიც...“
- +

23 იანვარი. 2019. 22:49

 

 

აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებულმა ფოტომ, სადაც ზაზა რაზმაძე დაბომბვისას დაღუპულ ძმას დასტირის, მსოფლიო შეძრა. შემდგომში ამ ტრაგიკულ ისტორიას მძიმე გაგრძელებაც აღმოაჩნდა, - უსახლკაროდ დარჩენილმა ზაზა რაზმაძემ შემდეგ ბანკის ვალის გადახდა ვეღარ შეძლო და დასახმარებლად "კვირის პალიტრის" რედაქციას მიმართა.  - ყველაფერი გამინადგურდა, ვეღარც ობოლ ძმისშვილს ვეხმარები და ვეღარც საკუთარ შვილს - დათოსო. ის დათოს დედასთან უკვე განქორწინებული იყო,  ამბობდა, - ბავშვს აუცილებლად უნდა ვედგე გვერდითო. მაშინ მას უამრავმა ადამიანმა ხელი გაუწოდა და თითქოს ფეხზეც დადგა, - ვალი გაისტუმრა და კარალეთის ლტოლვილთა დასახლებაში დაფუძნდა.

 

მაგრამ უბედურების დასასრული ეს როდი აღმოჩნდა - 2014 წელს თავად ზაზა რაზმაძეც გარდაიცვალა: ის კარალეთის ლტოლვილთა დასახლებაში, სახლის წინ, ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის ელექტროსადენთან შეხებით გარდაიცვალა.

 

ზაზას დათოსთან ერთად, 4 წლის გოგონაც დარჩა ობლად.

 

სამწუხაროდ, ახლა ისევ რაზმაძეების მორიგი უბედურების ამბავი გავიგეთ -  ზაზას ვაჟი დათო, 22 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. ის თურქული გემიდან ლიბიის სანაპიროსთან 14 იანვარს გაუჩინარდა, 21 იანვარს სანაპირო წყლებში გარდაცვლილი ნახეს.

 

მანამდე დათომ უბედურებების ჯაჭვიდან გამოსვლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად სცადა და თითქოს გამოვიდა კიდეც: გორიდან დედის ძმასა და ბიცოლასთან წავიდა ბათუმში, სადაც საზღვაო აკადემიაში მოეწყო… და დაღუპვამდე ორ გემზე იმუშავა, მესამე გემი კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მისი გაუჩინარების შესახებ პირველად იმ თურქმა მეზღვაურმა განაცხადა, რომელსაც დათო მორიგებისას, გამთენიის 4 საათზე უნდა შეეცვალა. მისი განცხადებით, დათო არათუ პოსტზე, არამედ გემზეც არ აღმოჩნდა, თუმცა მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ხელუხლებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დათოს ცხედარს ლიბიაში ექსპერტიზა უტარდება.

 

დათოს დედობილი - ზაზა რაზმაძის მეორე მეუღლე ნანა დვალიშვილი მომხდარით განადგურებულია. მთელი ჩვენი საუბრისას ტიროდა, ამბობდა, რომ დათო მისი იმედი იყო:

 

- ულამაზესი და უთბილესი ბიჭი მოგვიკვდა, განადგურებული ვარ. უცებ დავაჟკაცდა დათუნა, ჩემი მეუღლე, ვიდრე ცოცხალი იყო მისით ხარობდა, ხშირად ამბობდა ხოლმე, - ნახე, რა ბიჭი გამეზარდა, სიმაღლეშიც კი გამასწრო უკვეო.

 

ჩემს დედამთილზე ფიქრიც კი მიჭირს - მან ჯერ ორი ვაჟკაცი შვილი დაკარგა და განადგურდა: ზაზას გარდაცვალების შემდეგ საერთოდ სახლში ჩაიკეტა და გარეთ აღარ გამოდიოდა, ახლა კი დათოც... ამაზე დიდი უბედურება აღარ არსებობს. ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდაიყო, დათო ღირსეული ბიჭი იყო, ის ჩხუბს არ წამოიწყებდა, მით უფრო გემზე. დათოს დედა ამბობს, რომ თითქოს დათო ბოლოს წერდა, რომ გემიდან წასვლა უნდოდა, როგორც ჩანს, ამის მიზეზი ჰქონდა. იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს რა და როგორ იყო და თუ დათო ადამიანის მიზეზით დაგვეღუპა, დამნაშავე უკმაცრესად დაისჯება... ისე კი დათოს ახლობლებს ეს ტკივილს ვერ შეუმსუბუქებს... ჩვენს ბიჭს ალბათ გორში ჩამოასვენებენ - აქ დაკრძალავენ, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა…

 

ლიზა რაზმაძე, დათოს ბებია:

- ჩემთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა… არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ასე - ორი შვილის სიკვდილის მერე, ახლა შვილიშვილიც... ულამაზესი ბიჭი მყავდა ჩემი შვილის სახელზე - ყველაზე კარგი, თბილი და კეთილი. ისეთი ბიჭი, რომ ცხოვრების არ შეეშინდა, ბათუმში კარგი ბიძა და ბიცოლა ჰყავდა და მათთან წავიდა, რომ ესწავლა და ფეხზე დამდგარიყო.

ბევრი ქვეყანა მოიარა, თავის დედასთან და მამობილთანაც ცხოვრობდა თურქეთში, მეუბნებოდა ხოლმე, - კარგი მამობილი მყავს, მაგრამ მაინც შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, ჩემო ტკბილო ბებოო. ვიდრე სამუშაოდ წავიდოდა, მანამდე სულ ჩემთან იყო. რაც ომში სახლ-კარი დაგვეწვა, მას შემდეგ მე და დათოს მამიდა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, დათო კი დამიჯდებოდა და მეტყოდა ხოლმე, - არაფერმა შეგაშინოს, ბებო, ფულს დავაგროვებ, სახლს ვიყიდი და ნაქირავებში აღარ გაცხოვრებთ, ჩემთან გადაგიყვანთო. მპირდებოდა, შეყვარებულიც უნდა გაგაცნოო...

 

რად მინდოდა ან სახლი ან კარი, ოღონდაც ჩემი დათო მყოლოდა ცოცხალი - რაც დღეს ტანზე მაცვია, იმ კაბით ჩავიდოდი სამარეში… ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება აქამდეც მხოლოდ ტკივილი იყო და ახლა რაღა იქნება…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი