logo_geo
„ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან
- +

20 ნოემბერი. 2016. 13:54



ილია მეორის მოგონებები ცხოვრების სამ ეტაპზე: ბავშვობა, ბერად აღკვეცა და პატრიარქობა. გთავაზობთ ამონარიდებს პატრიარქის არქივიდან:



ბავშვობა

„...მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ. პურს აცხობდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი... ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა: „მოსკოვიდან მათი სია გამოგზავნეს, ვინც უნდა გავაკულაკოთ. თქვენც ამ სიაში ხართო". მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად, იქ სახლი იყიდეს. აი, ასე გადავედით ოსეთში...


მოგვიანებით მამაჩემმა შეიძინა მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადიკავკაზში და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველო (ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ან მის უკანასკნელ წელს). ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა; როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე მუდამ ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა..."




ბერად აღკვეცა

„მე აღვიკვეცე მაშინ, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში. მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: „დღეს თქვენთან სტუდენტი მოვა და აღკვეცეთ ბერად". სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა..."



 

პატრიარქად მოღვაწეობა

უწმიდესის საგანგებო წერილი აფხაზებისადმი, 1992 წლის აგვისტო:


„საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს იმის გამო, რომ საქართველოში, კერძოდ - აფხაზეთში, კვლავ იღვრება სისხლი გარეშე ძალების ჩარევით. ეს ის ძალები არიან, რომელნიც ასაზრდოებენ ცენტრიდანულ ელემენტებს, ისინი კი, უტოპიური იდეებით შეპყრობილნი, მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას; მაგრამ ეს ცდები ამაოა. აფხაზეთი ისეთივე განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, როგორც ქართლი, იმერეთი, სამეგრელო... საუკუნეთა მანძილზე ჩვენ და აფხაზი ხალხი ვცხოვრობდით ერთად და კვლავაც ვიცხოვრებთ, ჩვენ გვაკავშირებს არა მარტო ერთი მიწა-წყალი, არამედ - ნათესაური კავშირი და ურთიერთპატივისცემა.


... მამაშვილური სიყვარულით მივმართავ ყველას: ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რომლისაც მერე შეგრცხვებათ, ვიცხოვროთ დალოცვილ საქართველოში ერთად, მშვიდობითა და თანხმობით... მივმართავ მთავრობას და ყველას, ვისაც კი ეხება: გააკეთეთ ყველაფერი, რათა შეწყდეს სისხლისღვრა და მოლაპარაკების მაგიდასთან, სამართლიანად გადაწყდეს პრობლემები. სიყვარულმა, სიმართლემ და კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს და მწამს, ასეც იქნება..."




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი